ირაკლი კობახიძე: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი – დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს პირდაპირ აისახება აჭარაზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე
ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს, არაერთი პროექტი განხორციელდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება, რაც აჭარის რეგიონზე პირდაპირ აისახება.
“ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა ბათუმის სტადიონის პროექტის ჩათვლით, რომელიც არის ნამდვილი მარგალიტი განხორციელებულ პროექტებს შორის. ბევრი სხვა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. ძალიან წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი. მინდა, ბატონ ზურაბს ვუსურვო წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით არამხოლოდ გაგრძელდება ის დაწყებული პროექტები, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა, არამედ, ბევრი ახალი ინიციატივა იქნება და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეზე – აჭარაზე, ამ ქალაქზე – ბათუმზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ, ბატონ ზურაბს მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.