ბაიდენი და ტრამპი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობას.
„პოლიტიკა რთული საქმეა. ხშირად არ არის სასიამოვნო სამყარო, მაგრამ დღეს ის ძალიან სასიამოვნოა და ვაფასებ, რომ ძალაუფლების გადასვლა რაც შეიძლება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტრამპმა „დემოკრატ“ კოლეგასთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ბაიდენმა მას 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის იანვარში ხელისუფლების შეუფერხებელ გადაცემას.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – განუცხადა ბაიდენმა ტრამპს.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა სიმბოლური ნაბიჯი იყო, სადაც ხაზგასმული იყო შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პროცედურების პატივისცემის მნიშვნელობა.