ლევან მახაშვილი – ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებებით ცდილობენ მუხტის ხელახლა აწევას, თითქოს რაღაც პროცესები მიდის ქვეყანაში

“ქართული ოცნების” წევრი, ლევან მახაშვილი კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მისი თქმით, ოპოზიცია მსგავსი განცხადებებით მუხტის ხელახლა აწევას ცდილობს.

“ცესკო თავის ვადებში შეაჯამებს საბოლოო შედეგებს, გადმოსცემს სიას პარლამენტს და შემდეგ პარლამენტი გადაწყვეტს, ეს ადამიანები იმსახურებენ თუ არა ამ მანდატს და მათი მანდატი ლეგიტიმურია თუ არა. ამავე დროს, ერთგვარი დეჟა ვუ გვაქვს, რასაც ვხედავთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, აბსოლუტურად იგივე სცენარი განმეორდა.

მანდატის აღიარება-არაღიარებას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც არის შემდეგი და არაერთხელ იქნა განმარტებული – ცესკო აჯამებს საარჩევნო შედეგებს, გადმოსცემს ამ ერთგვარ პაკეტს პარლამენტს, პარლამენტი კი 76 ხმით აძლევს მანდატს 150-ვე პარლამენტის წევრს, შემდეგ კი შეუძლიათ მათ პარლამენტს მიმართონ ინდივიდუალურად, მოითხოვონ საკუთარი მანდატების შეჩერება და ამ შემთხვევაშიც პარლამენტმა ინდივიდუალურად, თითოეული ასეთი განცხადების შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს მათ შეუჩეროს თუ არა მანდატი – ეს არის პროცედურა. ამ პროცედურის იქით ნებისმიერი განცხადება არის პოპულიზმი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი შედეგი.

როგორც ჩანს, მათმა უცხოელმა მეგობრებმა, რომელიც აქ იყვნენ ერთგვარად ცეცხლი შეუნთეს, უთხრეს, რომ უფრო აგრესიულები იყვნენ თავიანთ ქმედებებში და, როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებებით ცდილობენ მუხტის ხელახლა აწევას, თითქოს რაღაც პროცესები მიდის ქვეყანაში. სინამდვილეში არჩევნების მატარებელმა ჩაიარა, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი და ქუჩისა და დემონსტრაციების დრო კი არ არის, ახლა არის პარლამენტში საქმიანობის დრო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები