ქადაგიშვილი – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გახსნაზე: ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან; ისინი ამბობენ – გვითხრეს, მოლაპარაკებები გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც, ჯერჯერობით, არაფერი დევს
“ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან, სარაევოდან. იქ მქონდა შეხვედრა პარლამენტარებთან. მათი ინსტიტუციონალური განვითარება საქართველოსას ვერ შეედრება. ისინი ამბობენ – რა თქმა უნდა, გვითხრეს, მოლაპარაკების პროცესი გაგიხსენითო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის იქითაც, ჯერჯერობით, არაფერი დევს”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სტატუსის მინიჭებისას გასათვალისწინებელია, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ და საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი სპექტრი რამდენად არის მზად ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.
„ამ კუთხით თუ შევაფასებთ, საქართველო არის უპირობო ლიდერი ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. არა მხოლოდ უკრაინაზე და მოლდოვაზეა საუბარი, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებზე, რომლებიც კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსის მატარებლები არიან. ამ ყველა სახელმწიფოს გაუხსნეს მოლაპარაკებების რეჟიმი. მაგრამ, ნახეთ როგორც არის – თქვეს, რომ „გაგიხსენით მოლაპარაკებების რეჟიმი“, მაგრამ რეალურად ეს მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
მე ახლა ჩამოვფრინდი ბოსნია-ჰერცოგოვინადან, სარაევოდან. იქ მქონდა შეხვედრა პარლამენტარებთან და ეს მდგომარეობაა – მათი ინსტიტუციური განვითარება საქართველოსას ვერ შეედრება. ისინი ამბობენ, გვითხრეს, გაგიხსენითო [ევროკავშირში მოლაპარაკებების პროცესი], მაგრამ ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომლის აქეთაც ჯერჯერობით არაფერი დევს.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებებს ზედმიწევნით ვასრულებთ და ამას გავაგრძელებთ. დანარჩენი ეს ყველაფერი, პოლიტიკური ჟინიანობის საკითხად იქცა – გამჭვირვალობა საქართველოში უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს, „ეს მოხსენი ამდაგვარად და მაშინ გაგიხსნი მოლაპარაკებას“, ეს არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.