“ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად” – ქადაგიშვილი

“ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, ინფორმაციის ნაკლებობა კი არ აქვთ, ისინი საქართველოში მოდიან გარკვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ასაწევად”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მათთან ადრე მთავრობის მხრიდან შეხვედრები იყო, მაგრამ მათი ქცევა, ზნე და ბუნება ამან აბსოლუტურად არ შეცვალა. რაც აქამდე იყო, იგივე იქნება ამის შემდეგაც. ისინი ხედავენ როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდგომ, რა ვითარებაა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს არის ბოლო მცდელობა, რომ საგარეო ჩარევით იქნებ სიტუაციის ესკალაცია მოახდინონ.

ხედავენ, რომ ვერანაირი წინააღმდეგობის მუხტი ვერ შედგა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ორ მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ამ პოლიტიკოსებმა თავისი თვალით უყურეს, როგორ მიმდინარეობდა არჩევნები. არავის არანაირი შეფერხება არ ჰქონია, არავის არანაირი პრობლემა არ გასჩენია, არჩევნები ჩატარდა მაღალ ორგანიზაციულ დონეზე.

ჩვენ ხშირად მოგვისმენია მათ შორის ეუთოს ეგიდით ჩამოსული დამკვირვებლების შეფასებები როგორი იყო. ერთმა გერმანელმა დამკვირვებელმა თქვა, ნეტავ გერმანიაში გვქონდეს არჩევნების ჩატარების ასეთი ტექნიკური საშუალებებიო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები