„მერიის თანამშრომელთა ატესტაცია აუცილებელია, თუმცა კომისიაში ოპოზიციაც უნდა იყოს“

   „მერიის თანამშრომლების და აპარატის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს. ამიტომაც, ატესტაცია აუცილებლია“ – აღნიშნული განცხადება, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მერიაში დაგეგმილ ატესტაციაზე „ნაციონალები“ მიზამნიმართულად ტეხავენ ხმაურს. საკრებულოს წევრმა წინა ხელისუფლების მმართველობასთან პარალელი გაავლო. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი პირდაპირ პარლამენტში საჯაროდ აცხადებდა, რომ მან შინაგან საქმეთა სისტემაში ასაკობრივი წმენდა განახორციელა. „ატესტაციის პროცესს მხოლოდ „ნაციონალები“ ეძახიან წმენდას. ეს მათი მოგონილი ტერმინია. მათ დროს ითვლებოდა, რომ 40 წელზე ზევით ადამიანს საჯარო სექტორში არ უნდა ემუშავა. ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს მერიის თანამშრომლებსა და აპარატზე, მათ მუშაობაზე. ამიტომ, ატესტაცია კანონით განსაზღვრული და აუცილებელი პროცედურაა“- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, ატესტაციას სპეციალური კომისია ჩაატარებს, რომელშიც საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები შევლენ. ატესტაციის დასრულების შემდეგ კი საჯარო კონკურსი გამოცხადდება.
„შედგება კომისია. კომისიას მერის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს. მიგვაჩნია, რომ კომისიაში საკრებულოს წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ. სასურველია, კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომ პროცესს საკუთარი თვალით დააკვირდნენ“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გასაკვირი არ უნდა იყო ის რომ სადღაც გაფორმებული მომღერლები გაათავისუფლეს. საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, აბსოლუტური უმრავლესობა მერიაში და საკრებულოში დღესაც ძველი თანამშრომელია.
„ წინა ხელისუფლების დროს ყველა საჯარო სამსახურში ერთ-ერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ლოიალობა იყო. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, ადამიანი კარგად დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევდეს. ის არჩევნებში ხმას ვის აძლევს, არ არის მთავარი“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები