”რადიკალების მცდელობაა, რომ დღის წესრიგი შექმნან ბატონი ხუჭუას გადაწყვეტილებით, ეს არაფრის მომცემია” – ირაკლი ზარქუა
”რადიკალების მცდელობაა, რომ დღის წესრიგი შექმნან ბატონი ხუჭუას გადაწყვეტილებით. ეს არაფრის მომცემია”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა განსხვავებულ აზრს მიესალმება.
„23 რაიონულ სასამართლოში იყო გასაჩივრებული და აქედან 22-მა თქვა, რომ საფუძველი არ არსებობს და მხოლოდ ერთმა დაინახა განსხვავებულად. გასაჩივრდება, ეს თემა შემდეგ ინსტანციაზე გადავა და ვნახავთ ყველა რა – როგორ გადაწყდება. ასე რომ რადიკალების მცდელობა, რომ ამისგან რამე შექმნან, უსაფუძვლოა. თან, აღმოჩნდა, რომ ბატონი მოსამართლის ოჯახის წევრები რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ყოფილან. ჩვენ ყველა განსხვავებულ აზრს მივესალმებით, მაგრამ აქ არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყოს გადაწყვეტილება მიღებული. პირადად მე ვიყავი ჩართული სამეგრელოს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც მშვიდობიან, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ასე იყო იქაც. ბუნებრივია ხარვეზები, თან გაცილებით მასშტაბური ევროპულ სახელმწიფოებშიც არის; ტყვიით დასდევენ ერთმანეთს, ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო აქ, როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ასევე არჩევნების დღე მშვიდ და წყნარ გარემოში შედგა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მშვიდობა არჩია“, – განაცხადა ზარქუამ.