“არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სააპელაციო განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი კი ერთ საქმედ გაერთიანდება” – საიას თავმჯდომარე
“არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სააპელაციო განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი კი ერთ საქმედ გაერთიანდება”,- ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა.
“დღეს სხდომები ჩანიშნული გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და, შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ.
დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.
თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა, ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო. როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ“, – წერს ქურდოვანიძე.