“გამოსაძიებელი თუ რამეა, ეს არის „ედისონ რისერჩისა“ და „ჰარისის“ გაყალბებული ეგზიტპოლები, რა დგას ამის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია” – პაპუაშვილი

“გამოსაძიებელი თუ რამეა, ეს არის „ედისონ რისერჩის“ და „ჰარისის“ გაყალბებული ეგზიტპოლები, რა დგას ამის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„ვთქვით, რომ დგას პასუხისმგებლობა „ედისონ რისერჩისა“ და „ჰარისის“, რომლებმაც „ფორმულისთვის“ და „მთავარი არხისთვის“ გააკეთეს ეგზიტპოლები და 12-13%-ით ასცდა რეალურ მაჩვენებელს. საპასუხოდ, ამ კომპანიებმა დაიწყეს მტკიცება, რომ თითქოს ცესკოს მონაცემებია აცდენილი და სტატისტიკურად შეუძლებელია, ასეთი შედეგები ყოფილიყო.

დიახ, სტატისტიკურად შეუძლებელია ის, რაც დაწერა „ედისონ რისერჩმა“ და „ჰარისმა“. ზუსტად ეს სხვაობა აჩვენებს, რომ მათ გააყალბეს ეგზიტპოლები და თუკი რამეა გამოსაძიებელი, მათ შორის რომელიმე საერთაშორისო ჯგუფის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საიდანაც ეს ორი კომპანიაა, ესა რატომ გააყალბა „ედისონ რისერჩმა“ და „ჰარისმა“ ეგზიტპოლები; რა დგას ამის უკან, ფული თუ პოლიტიკური კორუფცია. შეგახსენებთ, ამ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით სხვადასხვა აქტორი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ეგზიტპოლი უფრო მართალია, ვიდრე შედეგები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილების გავრცელებაში.

„სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ასევე ჩართულია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილის გავრცელებაში და შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო თავისი სატელეფონო ზარებით. შემდეგ უკვე სხვა არხებიდან ვიგებთ და გვითვლიან ჩვენ, რომ მართლაც შეწუხებული არიან ქალბატონი სალომეს აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ.

არსებობს კვლევითი კომპანიების სარეიტინგო შეფასება და კომპანია „ჰარისი“ გამჭვირვალობის კუთხით 10-დან 2,9 ქულით არის შეფასებული და არის საკმაოდ უკან ამ რეიტინგში. კითხვები ამ კომპანიასთან, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ვისაც ამის ინტერესი აქვს, მათ შორის მედიას, შეუძლია, გამოითხოვოს ბაზები, ვინ ჩაატარა ველი, რომელი კომპანია იყო, ამერიკიდან აქ არ ჩამოვიდოდნენ უბნებზე კვლევის ჩასატარებლად, რომელი ქართული კომპანია იყო და მერე კარგად მიხვდებით, როგორ მოხდა ამ ეგზიტპოლების გაყალბება. საბოლოოდ, ეს თაღლითობა მათ რეპუტაციის შესაბამისად დარჩება ქართული არჩევნების ისტორიაში. ამის ერთ-ერთი წამახალისებელი საკითხი იყო, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პარალელური დათვლის შედეგებს, რაც ასევე ამ კონსპირაციებს აძლევს საკვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები