ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია
იაპონიაში ტოკიოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ( 57 კგ) პრესტიჟულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი სარა ლეონ სისიკი დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელ იუნა შინს სძლია, მეოთხედფინალი იაპონელ აკარი ომორისთან დათმო, რეპეშაჟში კი ბრაზილიელ შირლინ ნასიმენტოს მოუგო.
“ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ბრინჯაოს მედალია, ტურნირი მესამე ადგილზე გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) დაასრულა.
ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან,”- წერია ინფორმაციაში.