ირაკლი ქადაგიშვილი – სუს-ის გამოძიებაზე: გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
„გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,“ – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნივთიერება ფართოდ არის გამოყენებაში.
„გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო ის ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა პოლიციის მიერ, არის ლეგალურად შეძენილი. არის დასაშვები ნივთიერება, რომელიც ასეთი მიზნებისთვის საპოლიციო ოპერაციებისას კანონით შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს.
ამავდროულად ჩანს, რომ თვითონ ეს ნივთიერება იმდენად ფართოდ არის გამოყენებაში, ანუ არ არის აბსოლუტურად აკრძალული, რომ საქართველოში სხვადასხვა სააფთიაქო, სამედიცინო თუ სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა საჭიროებებისთვის ამ ნივთიერებას ყიდულობდნენ. ამან, რა თქმა უნდა, ობიექტურად წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციას, რომელიც „ფეიკ“ ე.წ. „ბიბისის“ გამოძიების შედეგად გაჩნდა. ბუნებრივია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ობიექტურობას არ მიიღებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი – არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.