ოკუპირებულ აფხაზეთში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სროლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, ერთი კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “გენერალური პროკურატურის პრესსამსახური” ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, სროლისას დაჭრილი რუსლან ადლეიბა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„გუმსკაიას ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში უცნობმა პირმა იმავე ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოს მიმართულებით უცნობი ტიპისა და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, სულ მცირე, სამი გასროლა განახორციელა. შედეგად, ხუთი ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით ღონისძიებების სერიას ახორციელებს“, – ნათქვამია ე.წ. “პროკურატურის” გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, ქალაქის “პროკურორმა” ალხას აგუმავამ განაცხადა , რომ უცნობმა პირმა დაკრძალვის პროცესიის დროს ადამიანების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ “სამართალდამცავ ორგანოებს” დაავალა, მიიღონ ყველა საჭირო ზომა დანაშაულის გარემოებების დასადგენად, დააკავონ მონაწილე პირები და დაუყოვნებლივ შეატყობინონ მას გამოძიების შედეგები. მან ასევე დაავალა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს დაშავებულებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და აკონტროლოს სიტუაცია.