“დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ; ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში” – პაპუაშვილი
“სამარცხვინოა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ განცხადებების გაკეთებას, დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება. მათ შორის, რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ.
რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.