მერიის აუდიტის სამსახური ისნის გამგებლის მოადგილის საქმეს სწავლობს

 

    თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური ისნის გამგებლის მოადგილის, ბესიკ დონაძის მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტს სწავლობს.
კერძოდ, საქმე დონაძის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების დამალვასა და საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობას ავტომანქანა – „ჰიუნდაი I-20“ (სანომრე ნიშნით – BBU 869) გადასცა, რომელიც სარგებლობისთვის გამგებლის მოადგილე ბესიკ დონაძეს გადაეცა.
„2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა. დონაძეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიისთვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ავტომანქანა ამ დრომდე არ შეკეთებულა, კერძო პირის ავტოფარეხში დგას და მისით დონაძე ფიზიკურად აღარ სარგებლობს.
ამის მიუხედავად, ამ პერიოდში, როცა ავტომობილი ექსპლუატაციაში არ არის, მასზე დარიცხული საწვავის ბარათით 8 თვის განმავლობაში – 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით – 1 659.00 ლიტრი საწვავის გახარჯვაა დაფიქსირებული. მათ შორის, საწვავის შევსების ფაქტები ფიქსირდება თბილისის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ: 2014 წლის 17 თებერვალს საწვავი სოფელ ქვიტირში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხოლო 2014 წლის 26 მარტს – სოფელ ოკამშია (კასპის მუნიციპალიტეტი) ჩასხმული“,-აცხადებენ მერიაში.
აღნიშნულ საკითხს ამჟამად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური სწავლობს და, კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.
აქვე, მერია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, პირველ რიგში, ვითარებაში სრულად გაერკვნენ და ცალმხრივ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შესაბამის რეაგირებას ნუ მოახდენენ.
„ამასთან, სისტემაში მომუშავე თუ გათავისუფლებულ მოხელეებს, რომლებიც თვლიან, რომ მათზე ზემოქმედება ხდება, სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ, სასამართლოს მიმართონ “,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები