გოგა ხაჩიძე მუსიკალური კარიერიდან კურიოზულ ეპიზოდს იხსენებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე მუსიკალური კარიერიდან ერთ-ერთ კურიოზულ ეპიზოდს იხსენებს და ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“90-იანი წლები იდგა. მაშინ ჯგუფი „სახე” პრაქტიკულად 24 საათს სტუდიაში ვატარებდით და დიდად პოპულარულებიც გახლდით. სტუდია რუსთაველის თეატრში მდებარეობდა, ზემოთ, სადღაც სხვენთან ახლოს. მოვრჩით ერთხელაც მუშაობას, ღამის 2-3 საათზე, ჩამოვედით სტუდიიდან და იქვე რუსთაველის თეატრის წინ გავაგრძელეთ შემოქმედებითი კამათის მსგავსი. რაღაც სიმღერაზე ვდაობდით, როგორ გაგვეკეთებინა. ცარიელ პროსპექტზე მე, დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაძე ვიყავით. ცოტა ხანში ნასვამმა კაცმა ჩამოიარა და ჩვენთან გაჩერდა. ანსამბლ „ქართული ხმების” წევრი – დავით გოგიაშვილი (თავგასა) ვიცანით და დიდი მოწიწებით მივესალმეთ. სიმღერა გეხერხებათ, ბიჭებოო? – გვკითხა ოდნავი აგრესიით. ვეცდებითო – ვუპასუხეთ ცოტა დაბნეულებმა. ჯერ ერთი ხალხური სიმღერა ვიმღერეთ ერთად, მოგუდულად, მერე მეორე, მერე მესამე… კარგად განეწყო, ესიამოვნა. ჩვენც ბედნიერები ვიყავით და ძალიან ვცდილობდით. კარგა ხანი ჩავუტკბით ერთმანეთს. არაფერი არ უკითხავს ჩვენთვის, არც სახელი, არც გვარი, არაფერი… უბრალოდ ვიდექით და ვმღეროდით. წასვლის წინ გადაგვკოცნა, თბილად დაგვემშვიდობა და გვითხრა: „ამ ცხოვრების უსამართლო დედა ვატირე, ბიჭებო! თქვენ ქუჩაში უნდა იდგეთ და ვიღაც „სახე” თუ „მახე” სცენაზე უნდა იპრანჭებოდესო?!” ხმა არ ამოგვიღია, ძალიან ბედნიერები დავემშვიდობეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო დავით გოგიაშვილი – თავგასა“, – წერს გოგა ხაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები