ზურაბ აბაშიძე: პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ არის ერთადერთი სწორი, რომ ამ ვითარებაში თავი გადავირჩინოთ

ასეთი სახიფათო ვითარება, საერთოდ არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ნებისმიერი ფორსმაჟორი შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ კატასტროფაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან მსოფლიოში არსებული მძიმე პროცესები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში ისეთი პატარა სახელმწიფოს სტრატეგია, როგორიც საქართველოა არის მშვიდობის შენარჩუნება.

„ამაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა სამი დღის წინ და ამაზე გააკეთა აქცენტი თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ომის დაწყების შემდეგ. ფაქტობრივად, მსოფლიო დადგა ბირთვული ომის შესაძლებლობის წინაშე.

ასეთი სახიფათო ვითარება საერთოდ არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული იარაღი არ არსებობდა და კაცობრიობას მთლიანად ფიზიკური ამოწყვეტის საფრთხე არ ემუქრებოდა. ნებისმიერი ფორსმაჟორი შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ კატასტროფაში. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ.

ერთ დიდ ჩინელს აქვს ნათქვამი, რომ ომში იგებს ის ვინც ომში არ მონაწილეობსო. დღეისათვის ყველაზე კარგი ფილოსოფია ჩვენთვის ეს არის. კლინიკურ სურათს, რომ შეხედო, ჩვენი ვითარება დღევანდელ დღეს, როდესაც ამხელა ძალებია ჩართული, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას? 20%-ია ოკუპირებული. ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას რუსეთის სამხედრო ბაზა. ქვეყანა, რომელიც არანაირად არ არის დაცული, ჩვენ ხომ ნატოს წევრები არ ვართ?! ამიტომ ახლა ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ არის ერთადერთი სწორი, რომ ამ ვითარებაში თავი გადავირჩინოთ. ამ შემთხვევაში მშვიდობის შენარჩუნება ჩვენთან, რეგიონში არის უპირველესი ამოცანა.

აღნიშნულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ უნდა დავიკავოთ ჩვენი პოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. უკრაინას ვეხმარებით ყველანაირად როგორც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ მათ სამხედრო დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ, მათ იარაღს ვერ გავუგზავნით, საითკენაც გვიბიძგებდნენ თავიდანვე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები