ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმის პაკეტს მიესალმება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემაჯამებელი მუშაობის დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველისაც შეეხება. საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონსტრუქციულ გარემოში, გამჭვირვალედ ჩატარდა. ასევე ასამბლეა მიესალმება თავისუფალი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზნით სასამართლო სისტემაში რეფორმის პაკეტს. ამასთან, ასამბლეა ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
“ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის აქტივისტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციურ წარმომადგენლებზე ზეწოლის გამო ისევე, როგორც მთავრობის ყოფილი წევრების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბრალდებების გამო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის შეწყვეტა, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო საქმის წარმოება წარიმართოს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დაცვით, რისი შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს ქვეყანას.