ოთარ ანგურიძე: “ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა უზრუნველყო ის, რომ ლარი აღარ გაუფასურდა, ის წონასწორობა შენარჩუნდა, რაც მანამდე იყო”
ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა
უზრუნველყო ის, რომ ლარი აღარ გაუფასურდა, ის წონასწორობა შენარჩუნდა, რაც მანამდე იყო. როგორც ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის კურსი 2,70 – 2,72-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ბოლო რამდენიმე თვის ჩამოყალიბებული ტენდენციაა.
“გუშინ ეროვნული ბანკის მხრიდან კიდევ ერთი ინტერვენცია განხორციელდა, რაც, მე ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად გამართლებულია ამ ვითარებაში. მე ყოველთვის ვიყავი ეროვნული ბანკის მაკრიტიკებელი იმ თვალსაზრისით, რომ ინტერვენციას ყოველთვის აგვიანებდა ,
ძირითად შემთხვევაში ისეთ დროს ჩარევა უწევდა, როცა ლარის კურსი უფასურდებოდა 10-12-15 თეთრით და ა.შ. არგუმენტი ყოველთვის იყო, რომ ვერევით მაშინ, როდესაც კრიტიკული მომენტია და როდესაც ბაზარს დარეგულირება უჭირს. მანამდე რატომ არ ერეოდნენ – ამაზე არგუმენტი იყო ის, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს, მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს და თავისუფალ დინებაზე მიშვებული უნდა იყოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამას არ მოაქვს ის ეფექტი, რაც გვინდა, რომ ეკონომიკაზე გვქონდეს. ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე და შემდგომ უკვე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. დღეს ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა ამ თვალსაზრისით რადიკალურად შეცვლილია. ანუ, პრევენციული ხასიათისაა. ეროვნულ ბანკს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს განსაზღვრული – ესაა ფასების სტაბილურობა.
როდესაც ეროვნული ბანკი გარკვეული სახის რისკებს და მოსალოდნელ საფრთხეებს ელის, რომელმაც შესაძლოა, ლარის გაუფასურება გამოიწვიოს,
რომელიც, შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდში ფასების ზრდაში გადაიზარდოს, ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი ამოცანა – ფასების გადარჩენაზე იზრუნოს. ვნახეთ, რომ გუშინ უკვე მესამე ინტერვენცია განხორციელდა. სხვა შემთხვევაში, როცა გამოდიოდა ხან 40 მლნ, ხან 60 მლნ, ვხედავდით, რომ რაღაც ნაწილი იყიდებოდა, რაღაც ნაწილი არა. ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტული რაოდენობის თანხაზე მოთხოვნა იყო. დღეს ვხედავთ, რომ რამდენჯერაც გამოიტანა, მეორე ინტერვენციას თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, ყველა მთლიანად იქნა ათვისებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ამის დეფიციტი იყო. ანუ საჭიროება იყო. რამაც საბოლოოდ უზრუნველყო ის , რომ ლარი აღარ გაუფასურდა, ის წონასწორობა შენარჩუნდა, რაც მანამდე იყო. ლარის კურსი 2,70-2,72-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ბოლო რამდენიმე თვის ჩამოყალიბებული ტენდენციაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩარევამ თავის შედეგი გამოიღო. ნიშნავდა, რომ მოთხოვნა იყო. ეს მოთხოვნა, შეიძლება, განპირობებული ყოფილიყო გარკვეული სახის მსხვილი ტრანზაქციით, რაც პერიოდულად ხდება ხოლმე სხვადასხვა ბანკის მხრიდან, ან რომელიმე მსხვილი კორპორაციის მხრიდან, რომელიც საგარეო ვალის მომსახურებას, ან დივიდენდების გაცემას ემსახურება. ამდენად, ასეთი რისკები პერიოდულად გვაქვს ხოლმე. ეროვნულ ბანკს ამის მონიტორინგი უწევს, რომ წინმსწრებად თანმხვედრი ნაბიჯები გადადგას, რათა ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტი არ შეიქმნას,რამაც შესაძლოა, ლარის გაუფასურება გამოიწვიოს. ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას მუდმივად ახორციელებდა. ეროვნული ბანკი დოლარს რომ ყიდულობს, რა ხდება – რეზერვები ივსება. რეზერვები სახელმწიფო საჭიროებას ხმარდება. მეორე მხრივ, ლარის კურსის დასტაბილურებას ხმარდება. ვნახეთ, რომ აგვისტოს პერიოდში რეზერვები საკმარისი რაოდენობით შეივსო, ეროვნულმა ბანკმა თითქმის 300 მილიონამდე დოლარი შეისყიდა. დღეს ის პერიოდია, როცა ეროვნულ ბანკს რაღაცების დაბალანსება უწევს, რომ მოხსნას თანხა და ჩვენი ფინანსური მდგომარეობა დააბალანსოს”- განაცხადა ანგურიძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსზე რა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც, შეიძლება, მოქმედებდეს, ყველა მწყობრშია.
“პერიოდულად ხდება შეტევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტენდენციები შეიძლება, განვითარდეს. არაფერი, ვხედავთ, რომ ძალიან სტაბილური ვითარებაა: რეზერვები საკმაოდ მაღალი გვაქვს, კურსი საკმაოდ სტაბილურია და რაც ყველაზე მთავარია- ლარის კურსზე რა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც, შეიძლება, მოქმედებდეს, ყველა მწყობრშია: საგარეო ვაჭრობა ძალიან მაღალია, ისტორიულ მაქსიმუმზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მაღალი გვაქვს, ტურიზმიდან შემოდინებები ძალიან მაღალია. ფაქტორები ,რამაც, შესაძლოა, ლარის კურსზე ზეგავლენა მოახდინოს, პრაქტიკულად, არ არსებობს. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე დოლარის გამოტანა, ერთი მხრივ, გამოწვეულია ამ მსხვილი ტრანზაქციებით, მეორე მხრივ, გუშინ ეროვნული ბანკის განცხადება ვნახეთ, სადაც საარჩევნო აჟიოტაჟზეა საუბარი. ფაქტია, რომ ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა.”- განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით,
გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.
16 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ აშშ დოლარიდან აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
8 ოქტომბერს კი ეროვნული ბანკის გამართულ საქართველოს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მილიონი აშშ დოლარიდან აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა.