მალხაზ თოფურია 2008 წელს რუსეთის მიერ ბორჯომის ტყის გადაწვაზე: რუსეთს მოუწევდა დიდი თანხების გადახდა საქართველოს სასარგებლოდ, უცბად, გამორბიან სააკაშვილი და მერაბიშვილი, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, იქ ტექნიკას რომ ვმალავდითო – რუსეთს ბრალდება ეკოდანაშაულზე მოეხსნა, სამხედრო სამართალში ასეა, როცა მწვანე საფარს საბრძოლო მასალების შესანახად იყენებ
“ტალიავინის კომისია მუშაობს და უცებ გამოიკვეთა რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული – ეკოდანაშაული, “- ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის ომის დროს, რუსეთის მიერ ბორჯომის ტყის მასივის გადაწვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს, როგორც ეკოლოგიური დანაშაულის არ ჩადენაზე ხელმომწერ სახელმწიფოს, ბორჯომის ტყის გადაწვის გამო, მოუწევდა საქართველოს სასარგებლოდ დიდძალი თანხის გადახდა, თუმცა, ამ ფონზე, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა გააკეთეს განცხადებები და მადლობა გადაუხადეს წაღვერის მოსახლეობას, რომ მათ არ გათქვეს საბრძოლო მასალების სამალავის ადგილსამყოფელი. თოფურიას თქმით, სწორედ მაშინდელი პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადებების შემდეგ მოეხსნა რუსეთს ეკო დანაშაულის ბრალდება.
„[ტალიავინის] კომისიის შედეგად, რუსეთს ყველაზე მძიმე დანაშაული აქვს არაადეკვატური ძალის გამოყენება, ყველაზე ცუდი ეს უწერიათ (დასკვნაში) საუბედუროდ, ამ დროს, ჩვეულებრივი ოკუპანტია. წერენ ასეთ რამეს, რომ რუსეთმა ჩაიდინა ეკოდანაშაული ეს არის ბორჯომის პარკის დაწვა – აქედან გამომდინარე, რუსეთს, როგორც ეკო დანაშაულის არ ჩადენაზე ხელმომწერ ქვეყანას, მოუწევდა რამდენიმე მილიარდის, დიდი თანხების გადახდა საქართველოს სასარგებლოდ. უცბად, რიგ-რიგობით, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან – არც კეხვი, არც თამარაშენი, არც ერთი სოფელი არ გახსენებიათ, ქვის გროვას ეძახდნენ და ამ დროს აცხადებენ ასეთ რამეს: მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ მათ არ გათქვეს, ჩვენ რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდითო. რუსეთს ბრალდება ეკო დანაშაულზე მოეხსნა, იმიტომ, რომ როდესაც შენ მწვანე საფარს საბრძოლო მასალების შესანახად იყენებ, სამხედრო სამართალში ასეა, რომ იმ წამსვე თავისუფლდება – ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მოუხსნეს ეს უმძიმესი ბრალდება.“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.