ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც აშშ-ში TikTok-ის მუშაობა გახანგრძლივდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეერთებულ შტატებში TikTok-ის გამოყენება დამატებით 90 დღით გახანგრძლივდა.
„მე ახლახან ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც TikTok-ის დახურვის ვადას 90 დღით (17 სექტემბერი) ახანგრძლივებს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
თეთრი სახლის ლიდერმა TikTok-ის იძულებითი გაყიდვის ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ის ჯერ 20 იანვარს, მეორე ვადით ინაუგურაციის შემდეგ, მოგვიანებით კი 4 აპრილს გადაავადა. თუმცა ByteDance-ის აპლიკაციის ამერიკული ბიზნესის გაყიდვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის ან გაყიდვის კანონპროექტს ხელი 2024 წლის 24 აპრილს მოაწერა. ამერიკელი კანონმდებლების მტკიცებით, სოციალური ქსელი, ჩინეთის მთავრობასთან პოტენციური კავშირის გამო, აშშ-ისთვის ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს.