არჩილ გორდულაძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს ან შეზღუდოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა.
„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რომელიც ბედავს და ამბობს, რომ ჩემი ქვეყნის თაობაზე გადაწყვეტილებები ჩემს ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული. სხვა ბერკეტებთან ერთად, ერთ-ერთ საშუალებად ზუსტად ვიზალიბერალიზაცია აირჩია კონკრეტულმა ძალამ, რადგან ეს ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში იმის მტკიცება გვიწევს, რომ ჩვენ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეგვიჩერდეს. ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს როგორც ევროპარლამენტარების მხრიდან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობისა და ქვეყნის ლიდერის მხრიდან, ამავდროულად ჩვენს ქვეყანაში მართულმა არხებმა რეპორტაჟები მოამზადონ და აგენტურის წარმომადგენლებმა ისაუბრონ, რომ თუ გინდათ თავისუფლად იმოგზაუროთ, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უარი უთხარით და ჩამოაგდეთო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.