ქართლში, კასპის რაიონში გაატარა ბავშვობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტი, აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა. ფაბრიკაში მუშაობის პარალელურად, 36-ე პროფესიულ სასწავლებელში მიიწვიეს ბუღალტრად და მასწავლებლად. აბრეშუმის ფაბრიკის დაკეტვის შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა.
ემიგრაციაში ყოფნის დროს მეაბრეშუმეობაში უცხოელთა გამოცდილებას გაეცნო. ამჟამად ფიქრობს, ამ დარგში სიახლეების საქართველოშიც გადმოტანას. – ნონა აღაპიშვილი-ღეიდენის პერსონა.
– ქართლის დიდსა და ლამაზ სოფელ მეტეხში დაიბადეთ…
– თბილ და მოსიყვარულე ოჯახში იყვნენ – დედა, მამა და-ძმა და ბებია. ბებია ჟენია ჯაფარიძე ხუთი ძმის ერთი და მეტად ამაყი და, როგორც მეზობლები ამბობდნენ, ავკარგიანი ქალი, ჩემთვის კი ოთარაანთ ქვრივი იყო. მშობლები მუშაობდნენ და ჩვენი ბებია მუდამ „მოწოდების სიმაღლეზე“ მყოფი დიდად იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში.
ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ყოფილი ფილოლოგი, ქალბატონი ანა ლალიაშვილი, რომელიც სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ მისი ქმარი გადასახლებიდან ტუბერკულოზის დაავადებით დაბრუნდა და შეიძლება მასაც ჰქონოდა და ეს საშიში იყო ბავშვებისთვის, იმ დროისთვის ქალბატონ ანას საუკეთესო ბიბლიოთეკა და ტკივილამდე მონატრებული პედაგოგიური მოთხოვნა ჰქონდა, რასაც დიდი სიამოვნებით ვიყენებდი. დღე არ გავიდოდა, ანას რომ არ ვსტუმრებოდი – თუ წიგნის სათხოვნელად თუ გაკვეთილის ვითომ ვერ გაგების გამო… უამრავი მიზეზი მქონდა მასთან მისასვლელად.
დღესაც მახსოვს წიგნთან მისი დამოკიდებულება და ის დარიგება. წიგნი შენი ერთგული მეგობარი და საუკეთესო მრჩეველიაო და მას ისე უნდა მოპყრობა, როგორც შენ გინდა, რომ მოგეპყრონო. აუცილებლად დამითქვამდა მიტანის დროს და მეტყოდა, არც ადრე და არც გვიან არ მოიტანო, რადგან არც გაკვეთილების ხარჯზე და არც დაკარგულ დროს არ მაპატიებდა. წაკითხულის შინაარსსაც მომაყოლებდა და რჩევებსაც მომცემდა.
დღესაც მენატრება ქალბატონი ანა, თუმცა მას ყველა ერიდებოდა მე კი ისე ვიყავი შეყვარებული მასზე, რომ ყოველ საღამოს ცხელ რძეს და ყოველ დახველებაზე ფილტვებში მოსმენას ვიტანდი.
– რატომ ეკონომიკა? სტუდენტობის წლები.
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ცოტა შორს გვქონდა სკოლა და ტყუილად ხომ არ ვივლი ამხელა გზაზე-მეთქი. ასე მითქვამს პირველ კლასში და მერე სულ ამას მახსენებდნენ, უფრო ტექნიკური საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება და ამიტომაც 1985 წელს ეკონომიურზე, კერძოდ კი, საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თამამად ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი ცხოვრების ბედნიერი წლები გავატარე.
– სხვადასხვა სამსახურში მუშაობდით. რომელ სამსახურს გამოარჩევდით და რატომ?
– ჯერ კიდევ სტუდენტი, აბრეშუმის ფაბრიკაში ვმუშაობდი. პირველად მოანგარიშედ დავიწყე და მალევე საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტად გადამიყვანეს. ჩვენი განყოფილების უფროსი იყო უაღრესად განათლებული და კეთილშობილი ქალბატონი, ლუარა გეგენავა. მან არა მარტო პროფესიის, არამედ ადამიანობის უმაღლეს სკოლას გვაზიარა.
ჩვენს ფაბრიკაში 1995 წლამდე 2500 პირი მუშაობდა და არაჩვეულებრივ ნაწარმს უშვებდა. აბრეშუმის სიყვარული დღემდე მომყვება. ფაბრიკაში მუშაობის პარალელურად, 36-ე პროფესიულ სასწავლებელში მიმიწვიეს ბუღალტრად და მასწავლებლად, სადაც დაახლოებით 8 წელი ვიმუშავე. 36-ე პროფესიული სასწავლებელი თავის დროზე საკავშირო მნიშვნელობის იყო, საოცარი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი სიტუაციისა, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სასწავლო დისციპლინა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა პედაგოგიურ კოლექტივს, ეთერ სოლომონის ხელმძღვანელობით.
27 წლის ახალგაზრდა ვიყავი ამ სასწავლებლის ბუღალტერი და მასწავლებელი. 16-18 წლის მოსწავლეებისგან ხშირად ვერც კი მარჩევდნენ. საშინელი ეკონომიური გაჭირვების მიუხედავად, მაინც მხარში ვედექით ერთმანეთს და ვცდილობდით, იმედი არ დაგვეკარგა, იმედი მომავლისა
– ემიგრაციაში წასვლა რამ განაპირობა?
– გაუსაძლისი სიტუაცია მძვინვარებდა საქართველოში, დაიკეტა აბრეშუმის ფაბრიკა, სასწავლებელიც. დავრჩი უმუშევარი, თუმცა, როცა ვმუშაობდი, ხელფასები „გაყინული“ იყო. ვმუშაობდით ენთუზიაზმზე, ინერციით და უკვე აღარ გვქონდა იმედი. ჩემ ირგვლივ ყველა ემიგრაციაში მიდიოდა, რისი დიდი წინააღმდეგი ვიყავი, ვნერვიულობდი, ყველა რომ წავიდეს, ვინღა უნდა დარჩეს-მეთქი. მაგრამ მეც გავხდი ემიგრანტი.
2003 წლის აგვისტოში მომიწია საფრანგეთში წასვლა. ვინც ემიგრანტია, მიხვდება, რა არის უცხო ქვეყანაში ენის უცოდინარობა. უკვე ერთი თვის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც მინდოდა. არც უკან დაბრუნება იყო ადვილი, და მეც ემიგრანტთა ფერხულში ჩაბმულმა ვცადე ჩემი ადგილის დამკვიდრება.
– მეაბრეშუმეობა გაინტერესებდათ საქართველოშიც და ემიგრაციაშიც. გვიამბეთ ამ დარგით თქვენი დაინტერესების შესახებ.
– ენის უცოდინარობამ ძალზე შეიშალა ხელი წინსვლაში. იძულებული ვიყავი, ფიზიკურად მემუშავა, თუმცა სტრასბურგის ელიტის წრეში მოვხვდი და შევეცადე, ჩემი და ჩემი ქვეყნის საუკეთესო მხარე მეჩვენებინა მათთვის. ძალიან ცოტამ იცოდა საქართველოს შესახებ. მას ყველა მოიაზრებდა, როგორც რუსეთის ერთ-ერთ მხარედ და თუ ჩვენ გვქონდა საკუთარი დამწერლობა ან ენა, არც კი იცოდნენ. ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მეჩვენებინა, რაოდენ დიდი კულტურის და ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანა იყო საქართველო, ვაწყობდი ქართულ საღამოებს, ვეპატიჟებოდით ფრანგებს.
თავიდან ვცდილობდით, ქართველებს დიდი დრო გაგვეტარებინა ერთად და თითქმის ვახერხებდით, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩავებით შრომით ფერხულში და ხანდახან ტელეფონზე სასაუბროდაც კი ვერ ვიცლიდით. ამ ჭიდილში გაიარა 5-მა წელმა და პირველად 2008 წლის 5 აგვისტოს ღამით ჩამოვფრინდი თბილისში, 6-ში დილით კი ვიგებ საშინელ ამბავს… სახლში ვართ დედა, ჩემი და 2 მცირეწლოვანი შვილით, ძმა – სამი შვილით, ნაბოლარა მხოლოდ 4 თვისაა და ვცხოვრობთ გორთან ახლოს.
სოფელი იცლებოდა, ჩემებიც გავარიდეთ სოფელს, დავრჩით მე და ჩემი ძმა, მთელი ღამე ვისხედით და ველოდით, როდის შემოგვინგრევდნენ კარს. დილით მეზობელი მოვიდა და გვთხოვა სასმელი წყალი და საჭმელი ჩვენი ჯარისკაცებისთვის,,,
5 წლის მონატრებულმა ვერც კი შევიგრძენი ჩემი ქვეყნის სიყვარული. დათრგუნული ჩავედი საფრანგეთში, მივხვდი. რომ დიდი ძალისხმევა მომიწევდა რეალობასთან შესაგუებლად.
– ემიგრაციის წლები… რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– ემიგრანტი – ამ სიტყვის უკან იმალება დიდი ტკივილი, ტკივილი ფესვებს მოწყვეტილი ადამიანის. ემიგრაცია არ არის ადვილი, მით უმეტეს სტრასბურგში, სადაც მთელი მსოფლიოს „პროლეტარიატი“ არის შეკრებილი მთელი თავიანთი სისუსტით. ბევრს არაფრად მიაჩნია და ადვილად შემოგკადრებენ: შენ აქ არ ხარ ფიქრისთვის, შენ აქ ხარ კეთებისთვისო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, როცა იაფი მუშახელის სტატუსი გაქვს, მაგრამ უამრავი უკარგესი ადამიანი შეხვდა, რომელმაც ჩემი კარგი მხარე დაინახა და სხვისთვისაც სურდა ეჩვენებინა. ასეთი იყო ჩემი მეუღლე ალან ღეიდელი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა (სამწუხაროდ, 2022 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა) და ყველა ის ოჯახი, სადაც მე ვმუშაობდი. ვფიქრობ, განათლებასა და კეთილშობილებას არ აქვს არც საზღვარი და არც ეროვნება.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვმუშაობდი აბრეშუმის ფაბრიკაში და სკოლის პერიოდშიც მოგვყავდა აბრეშუმის ჭია. ეს აუცილებელი იყო სოფელში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ასე რომ, მეხსიერებაში შემორჩენილი მქონდა ჭიის მოყვანის ყველა დეტალი, მაგრამ არ ვიცოდი ჭიის პარკის დამუშავება, რადგან მაშინ მხოლოდ მოყვანით ვიყავით დაკავებული.
ემიგრანტობის პერიოდში ენის შემსწავლელ კურსებზე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო. ენის შესწავლის პარალელურად ვსაუბრობდით თითქმის ყველა საკითხზე. ერთ დღესაც ვსაუბრობდით აბრეშუმის ჭიაზე. ჩინეთის წარმომადგენელმა – ეს დარგი ჩვენი ეროვნული სიამაყეაო და პარკის დამუშავების ჩემთვის უცნობი მეთოდი გააჟღერა, ხოლო შვეიცარიელმა კი – ჩვენ წიწვოვანი ტყეები გავჩეხეთ თუთის ხეების მოსაყვანად და თან გამოვიყვანეთ ყინვაგამძლე ჯიშების, აგრეთვე გვყავს „გაწვრთნილი“ ჭიები, ამ ყველაფერმა ძალიან დააინტერესა და ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია.
საქართველოში ჩამოსულებმა მოვიძიე აბრეშუმის ჭიის მური. ქალბატონმა ლამარა ბეჟაშვილმა უსასყიდლოდ მომცა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, დავამუშავე აბრეშუმის პარკი და „გაწვრთნილი“ ჭიებიც გამოვიყვანე. ახლა ვცდილობ ქალბატონ მზია ხელაშვილთან ერთად ამ დარგის აღორძინებას და მომავალი თაობისთვის იმ საიდუმლოებების განდობას, რაც საფრანგეთში ჩინელმა და შვეიცარიელმა გამანდეს.
– შორიდან დანახული საქართველო?
– რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მწვავედ განიცდი სამშობლოს სიყვარულს, თავიდან 5 წელი ვერ ჩამოვედი და ისე მძაფრად მქონდა მონატრება, რომ ნებისმიერი ადგილი საქართველოს მაგონებდა, ხან რას მივამსგავსე და ხან რას, ჩამოვედი და პირდაპირ აგვისტოს ომში მოვხვდი, ალბათ მიხვდებით ჩემს განცდებს და იმედგაცრუებას.
– რას ეტყოდით ემიგრანტებს?
– ემიგრანტებო, იცოდეთ დროის და რაც მთავარია, საკუთარი თავის ფასი, პირველ რიგში, ეს დაანახეთ თქვენი ოჯახის წევრებს და ნუ იქცევით ბანკროტად . 90- იან წლებში, იმ გაჭირვების დროს, მოზარდებთან მუშაობისას არ მქონია პრობლემა მათთან, იყო ზრდილობა, თანაგრძნობა და ერთმანეთის გატანა, ახლა ახალგაზრდების უმეტესობას მხოლოდ სარგებელი აინტერესებს: რამდენს გადამიხდი? თქვენ რამდენს გიხდიან გათენებულ ღამეები? მონატრებაში…
– გეგმები.
– ემიგრაციის პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობდით, მინდოდა ყველა ის სიკეთე, რაც იქ იყო, ჩემს ქვეყანაშიც ყოფილიყო.
ერთხელ საქართველოში, სოფელში ყოფნის დროს, მინდოდა ჩემი ძმის შვილიშვილი გამესეირნებინა და აღმოვაჩინე, რომ ვერსად წავიდოდით. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს სოფელს ვაჩუქო ერთი ლამაზი ადგილი, სადაც ბებია-შვილიშვილები, ცოლ-ქმარი თუ შეყვარებულები მოვლენ, ლამაზ დღეს გაატარებენ და დაისვენებენ.
გოლფის მინი მოედანი – ულამაზესი ბაღით, აი, ეს არის ჩემი ჰობიც და სამომავლო გეგმაც….
თამარ შაიშმელაშვილი