გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი მოუტანა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). ფინალი მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალამდე გურამ თუშიშვილმა სლოვაკ მარიუს ფიზელს, გერმანელ ლოსენი კონეს, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია. ნახევარფინალში ქართველმა დაამარცხა სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმი, რომელთანაც 2024 წელს აბუ-დაბიში მსოფლიოს პირველობის ფინალი დათმო.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა სამი მოპოვებული მედლით დაასრულა. ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლუკა მაისურაძე (-90 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

20 ივნისს მსოფლიოს პირველობაზე გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები იასპარეზებს. საქართველოს შერეულმა ნაკრებმა გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები