„თუ ევროპა გინდა, რეზოლუცია სავალდებულოა, თუ არ გინდა, შენი ნებაა“

პოლიტოლოგი და ექსპერტი გია ნოდია ევროსაბჭოს რეზოლუციის შესრულებას სავალდებულოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპასთან კონფრონტაციაში შევდივართ. აღნიშნულ თემაზე გია ნოდიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით, ევროსაბჭო წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა, თუმცა ბოლო რეზოლუციაში ბალანსი აშკარად შეცვლილია და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მეტი კრიტიკა არსებობს, ვიდრე ქება. მისივე თქმით, ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ისწრაფვის, მეორეს მხრივ კი, ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს.
„ეს რეზოლუცია იმ პრობლემების აღწერაა, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებობს. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს კრიტიკას და მკაცრ შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების აქტიური მუშაობით ხსნის. მსგავსი რეაქცია, მართლაც, შემაშფოთებელია. ევროსაბჭო იძლევა რეკომენაციებს და, იმის მიუხედავად, რომ მათი შესრულების იურიდიული ვალდებულება არ არსებობს, საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს იგი, თუ ევროკავშირის წევრობა უნდა“, – განაცხადა გია ნოდიამ.
ექსპერტის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, საქართველოს პარტნიორების რჩევა გაითვალისწინოს და კავკასიურ ვენდეტას შეეშვას.
„ევროსაბჭოს მხრიდან კრიტიკა წინა ხელისუფლების დროსაც იყო, არც ის იყო დიდი ანგელოზი და, ბუნებრივია, ყველაფერს არ ასრულებდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგრამ, შეურაცხყოფაზე არ გადადიოდნენ და ევროპასთან კონფრონტაციაში არ შედიოდნენ. დღევანდელი განცხადებებით და ქმედებებით კი ევროპასთან კონფრონტაციაში შევდივართ. თუ გინდა ევროპაში, რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა, თუ არ გინდა, შენი ნებაა. ჩვენი მიზანია, ევროპა და ნატო, ევროპას ვეუბნებით, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან, მაგრამ როცა ისინი სხვადასხვა ფორმით რჩევებს გვაძლევენ, მიუღებლობას ვაცხადებთ“, – განაცხადა გია ნოდიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც, მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი, განსაკუთრებით მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” კოალიციური მთავრობის კოჰაბიტაციის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები