პაველ ჰერჩინსკი: როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ

“როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ევროკავშირი არჩევანს არ აკეთებს, არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დროს და არც არჩევნების შემდეგ. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით, რომ მოველით, მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სრულად ინკლუზიური, სრულად გამჭვირვალე და სრულად კონკურენტული უნდა იყოს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ გასულ ივნისში შეჩერდა. ეს ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება იყო. ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ფინანსური დახმარება, მიმდინარე პროგრამები 120 მილიონით შემცირდა და თქვენ ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის. ამჟამად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება.

ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ სრული ნდობა მაქვს. როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ჩვენ პატივს ვცემთ აღნიშნულ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები