“ღვთის შეწევნით, ხვალინდელი დღე მშვიდობით და სულიწმიდის მადლით ჩაივლის, ისე, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიას და ჩვენი დიდი პატრიარქის ღვაწლს ეკადრება” – მეუფე საბა

Screenshot

“ვლოცულობთ, რომ ღვთის შეწევნით, ხვალინდელი დღე მშვიდობით და სულიწმიდის მადლით ჩაივლის”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ, სამების ტაძარში განაცხადა, სადაც ხვალინდელი გაფართოებული კრებისთვის მზადება მიმდინარეობს.

“ხვალინდელი დღე ისტორიული დღე არის, რადგან ხვალ მოხდება არჩევა 142-ე პატრიარქის ივერიის ეკლესიის ტახტზე და ვლოცულობთ, რომ ღვთის შეწევნით, ხვალინდელი დღე მშვიდობით და სულიწმიდის მადლით ჩაივლის, ისე, როგორც ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენი დიდი პატრიარქის ღვაწლს ეკადრება, რაც იქნება გაგრძელება იმ დიდი გზის, რომელსაც ჰქვია ქრისტიანული გზა და რომელიც ჩვენი წინაპრების გზა არის,” – აღნიშნა მეუფე საბამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე, თითოეული ეპარქიის დელეგატებს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.

თუ პატრიარქობის 3 კანდიდატიდან ერთი 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მომავალ პატრიარქს 39 ეპისკოპოსი დარჩენილ ორ მღვდელმთავარს შორის ამოირჩევს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაფართოებული კრება, რომელსაც 2 000-მდე დელეგატი დაესწრება პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები