პან გი მუნი: უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა – კატასტროფაა
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, „სუსტი სამშვიდობო შეთანხმების“ ჩაშლა უკრაინაში კატასტროფის მომტანია. პან გი მუნმა ეს განცხადება საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომლის დაღუპვასთან და დონბასში სკოლის მიმართ ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა. გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრებით, კატასტროფა შესაძლოა მთელ რეგიონზე გავრცელდეს.
გარდა ამისა, პან გი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოვალეობებს, რომლებსაც მინსკის მოლაპარაკებები გულისხმობს, შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ დონეცკში სკოლის და სამარშრუტო ტაქსის მიმართ სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ შოკირებულნი ვართ ამ ტრაგიკული დანაკარგით. გვესმის, რომ დღეს ასევე სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. სროლები საცხოვრებელი სახლების მიმართულებით მიუღებელია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.