რამაზ საყვარელიძე: თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ბატონო რამაზ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები.
მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ ოპოზიცია უშლის ხელს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ოპოზიცია ხელისუფლების საზიანოდ და უამრავ ფაქტსა და ტენდენციას ასახელებს. ვალში არც ხელისუფლება რჩება, მაგრამ მათი არგუმენტები იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე რაც ხელისუფლებას აქვს, სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.
მიუხედავად იმისა, დასავლელი პარტნიორები ლამის ერთ ხმაში გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნისთვის ევროპული გზა არ გაიხსნება, 26 ოქტომბრის არჩევნები არჩევნებია ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის?
თუ კი, – რატომ? და თუ არა, – რატომ არა?
– თადარიგიანი ადამიანი რუკას დახედავს უცხო ადგილას მოძრაობის დაწყებამდე. ჩვენც დავხედოთ იმ მოვლენათა რუკას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ჩვენი სწორი „მოძრაობისთვის“ მომავალ არჩევნებში.
ვთვლი, რომ დღევანდელი პროცესების გააზრებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მოვლენა. პირველი არის ვარდების რევოლუცია, სადაც ჩართული იყო ამერიკაც, რაც ზედაპირზე ჩანდა: ელჩი მაილსი, პრეზიდენტი ბუში, და რუსეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი. ორი ბატონის საკმაოდ წარმატებული მსახური იყო სააკაშვილი.
ამ ამბის გახსენება მნიშვნელოვანია, რადგან, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლაც დღის წესრიგშია „ვარდების რევოლუცია 2“ ისევ სააკაშვილის, ანუ “ნაციონალების” მოსაყვანად. ოპოზიცია ამ ვერსიას მასხრად იგდებს, ანტიევროპულ და პრორუსულ რიტორიკად მიიჩნევს.
რადგან, ხელისუფლება ამბობს, რომ ახლაც დღის წესრიგშია „ვარდების რევოლუცია 2“ ისევ სააკაშვილის, ანუ “ნაციონალების” მოსაყვანად. ოპოზიცია ამ ვერსიას მასხრად იგდებს, ანტიევროპულ და პრორუსულ რიტორიკად მიიჩნევს
2003 წელი გვახსენებს, რომ ერთხელ უკვე მოხდა რევოლუციის იმპორტი საქართველოში და ეს პარანოია არაა. პარანოიას მიზეზი არა აქვს. იმპორტულ რევოლუციას აქვს? 2003-ში ასეთი მიზეზი ბუშმა საჯაროდ თქვა თბილისის მიტინგზე, ფერადი რევოლუციებით გავალთ ავღანეთამდე, ანუ კონტინენტს დავიპყრობთ და… დავიჭერთ ნომერ პირველ ტერორისტსო.
ახლა, 2024-ში თუ არის ამერიკელებთან რევოლუციის განმეორების სურვილი, მასაც უნდა ჰქონდეს მიზეზი. ვთვლი, რომ ასეთი მიზეზია „ოცნების“ სიჯიუტე, რასთანაც არის დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენები.
მეორე მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ იმას, რომ 2021 წლის იანვარში ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოში ვიზიტის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არ შემოუშვათ ჩინეთი, ის დემოკრატიული არ არისო. ეს ნათქვამი არავის გაჰკვირვებია, რამდენადაც ტრამპს უკვე გამოცხადებული ჰქონდა ბრძოლა ჩინეთთან, რადგან მიიჩნევდა მას ამერიკის კონკურენტად.
პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად იმავე წლის თებერვალში „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში მატარებელი შემოაყვანინა ჩინეთს ისე, რომ სანამ მატარებელი არ დაინახეს, არავინ იცოდა მისი შემოყვანის ფაქტი. 2023 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ სპორტულ ღონისძიებით შენიღბული ვიზიტი გააკეთა ჩინეთში და მოულოდნელად გააფორმა მასთან ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც ისევ არავინ ელოდა. ეს ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჩინეთის საკითხში საქართველო შეგნებულად არ დაემორჩილა ამერიკას, ის უჩუმრად მოძრაობდა ჩინეთისაკენ.
2023 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ სპორტულ ღონისძიებით შენიღბული ვიზიტი გააკეთა ჩინეთში და მოულოდნელად გააფორმა მასთან ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რასაც ისევ არავინ ელოდა. ეს ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჩინეთის საკითხში საქართველო შეგნებულად არ დაემორჩილა ამერიკას, ის უჩუმრად მოძრაობდა ჩინეთისაკენ
ამერიკასთან გაჯიუტების კიდევ ერთი მაგალითი არის ომზე უარი. ვიცით, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა რუსეთი. უკრაინელებმა საქართველოს მოუწოდეს ომში ჩაბმა, რაც სავსებით ბუნებრივი იყო – სამხედრო თვალსაზრისით უკრაინელებისთვის და მისი დამხმარე დასავლეთისთვის ხელსაყრელი იყო რუსეთთან კიდევ ერთი ფრონტის გახსნა.
დადის ხმები ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამას მოითხოვდა ივანიშვილისგანო. „ოცნება“ არ აჰყვა ამ იდეას. ზელენსკიმ ისიც საჯაროდ თქვა დანანებით – სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩაებმებოდა ომშიო.
ომში გაჯიუტებით ხელისუფლება ტრაბახობს, მაგრამ არაფერს ამბობს ჩინეთის საკითხში გაჯიუტებაზე. საჯაროდ არც ამერიკა ახსენებს ჩინეთს, საყვედურობს საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობას. არადა, ჩინეთისკენ საქართველოს მოძრაობის ფაქტები სახეზეა, რუსეთისკენ მოძრაობის დამაჯერებელი ფაქტები ვერც კი სახელდება. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა სოციოლოგ ლევან მეტონიძის საინტერესო სტატია, რომელსაც სათაურში აქვს გამოტანილი ენტონ ბლინკენის სიტყვები: „თუ საერთაშორისო სისტემაში მაგიდასთან არ ხართ, მაშინ თქვენ მენიუში ხართ“… პოლიტიკური კანიბალიზმის ამ წესის გამო ამერიკას უწევს სიმკაცრე მტრების და მეგობრების მიმართ, რათა შეინარჩუნოს თამადის ადგილი საერთაშორისო მაგიდასთან.
ჰენრი კისინჯერის გამონათქვამიც გაახსენდა სტატიის ავტორს: „სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ ფატალურია იყო ამერიკის მეგობარი“. მეტონიძეს მოჰყავს ამერიკის ძალზე გავლენიანი ორგანიზაციის „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ საპატიო თავმჯდომარის, ოცი წლის განმავლობაში მისი მოქმედი თავმჯდომარის და შარშან ემერიტუსში გადასული რიჩარდ ჰასსის სტატიის ნაწყვეტებიც.
შტატები მის მოკავშირეებთან ურთიერთობას აშენებს წარმოდგენაზე, რომ მათგან თანხმობა ნორმაა, ხოლო უთანხმოება გამონაკლისიო, აღნიშნავს ჰასსი. შემდეგ ჰასსი სვამს კითხვას და პასუხობს კიდეც:
„რატომ ბედავენ მოკავშირეები ვაშინგტონისადმი დაუმორჩილებლობას? იმიტომ რომ, როგორც წესი, მათთვის უფრო მეტი დევს სასწორზე, ვიდრე შეერთებული შტატებისათვის და ეს უთანასწორობა, მათ უფრო მეტ ძალას აძლევს, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა შტატებზე.
უმეტეს შემთხვევებში, განხეთქილების ვაშლად მოკავშირის უსაფრთხოება ან ეკონომიკა ხდება მაშინ, როდესაც შეერთებული შტატებისათვის, ეს მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი პრიორიტეტია“.
ამხელა ციტატა იმასთან დაკავშირებით მოვიტანე, რომ ჩვენ გამოვიყენოთ გზის გაკვალვაში. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა, რაც აღიზიანებს ამერიკას, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის და ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ეს მნიშვნელობა შესანიშნავად გადმოსცა ლადო პაპავამ.
მით უფრო, რომ ჩინეთი აპირებს კავკასიაზე გაატაროს ევროპისკენ ტვირთების ტრანზიტის ერთ-ერთი გზა. ეს გააძლიერებს ჩინეთსაც და ევროპასაც, მაგრამ არც ერთი მათგანის გაძლიერებაში არაა დაინტერესებული არც ამერიკა და… არც რუსეთი, რომელსაც ტრანზიტის დაბრუნება უნდა.
ამერიკა-რუსეთის ინტერესები ისევ ემთხვევა ერთმანეთს, რაც გამოჩნდა უკრაინის ომის მიმართ ამერიკის დამოკიდებულების შეცვლაში. ტრანზიტის ჩაშლის ყველაზე იოლი ხერხი არის დესტაბილიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში. ბოლო ხანებში სომხეთთან აშშ-ს ინტენსიური კონტაქტიც იქნებ სატრანზიტო ხიდის აფეთქების სურვილითაც არის გამოწვეული?0
საქართველოსაც რომ იგივე თვალით უყურებდეს ამერიკა, გამორიცხული არაა. ვნახოთ, კიდევ რას ამბობს ჰასსი: “ყველაზე დრაკონული მიდგომა, მეგობართან უთანხმოების გადაწყვეტისა, ეს ურჩი ხელისუფლების გადაყენებაა. ზუსტად ასეთი მიდგომა გამოიყენა კენედის ადმინისტრაციამ სამხრეთ ვიეტნამის მოკავშირე, პრეზიდენტ ნგო დინ დიემთან“.
ჰასსი გადაყენების მეთოდს აკრიტიკებს არა იმიტომ, რომ ეთიკა და დემოკრატია ირღვევა, არამედ აკრიტიკებს იმიტომ, რომ თოჯინასავით დასმული ნებიერი ფიგურა ხშირად უფრო მეტ პრობლემას უქმნის ამერიკას, ვიდრე მისი ჯიუტი წინამორბედი. საქართველოსაც აქვს ამ მოსაზრების მაგალითი.
2003-ში ამერიკამ და რუსეთმა შევარდნაძე ჩაანაცვლეს სააკაშვილით. სააკაშვილმა იმისთანა დაატრიალა ქვეყანაში, რომ უკვე ამერიკის საელჩოსთან იმართებოდა საპროტესტო აქციები. ალბათ, ამიტომაც მოუწია ამერიკას სააკაშვილის დათმობა 2012-ში. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ამბრაზურასავით იყო გადაფარებული „ოცნებაზე“. მეორეს მხრივ, შეიძლება ისევ გადაყენების მეთოდი გამოიყენა 2012-შიც ამერიკამ?! პასუხი უცნობია …
მოკლედ, „ოცნების“ მრავალჯერადი სიჯიუტე სავარაუდოს ხდის, რომ – ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას აფასებს ურჩ მეგობრად. ჩაფიქრებული აქვს თუ არა მისი შეცვლა ისევ ნაცებით, არ ვიცი, გამორიცხული არაა. ამის ეჭვი აქვს „ოცნების“ ელიტასაც და პრევენციის მიზნით ყველასთან იძახის „გადაყენებას მიპირებს დასავლეთიო“.
ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას აფასებს ურჩ მეგობრად. ჩაფიქრებული აქვს თუ არა მისი შეცვლა ისევ ნაცებით, არ ვიცი, გამორიცხული არაა. ამის ეჭვი აქვს „ოცნების“ ელიტასაც და პრევენციის მიზნით ყველასთან იძახის „გადაყენებას მიპირებს დასავლეთიო“
თქვენ რუსეთზე დასვით კითხვა და ბუნებრივია, რუსეთუმეობაზე ლაპარაკობს საერთაშორისო და ადგილობრივი ოპოზიცია. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით საერთოდ არ მოძრაობს და ჩანს რატომაა გულგრილი რუსეთის მიმართ. ეკონომიკურად რუსეთი მომგებიანი არაა, დასავლეთია მომგებიანია.რუსეთი ახალ საფრთხეს არ შეგვიქმნის, თუ არ გამოვიწვიეთ.
ისედაც შერისხულია ყველას მიერ და ახალი ომის ინიციატორი ვერ იქნება. რუსეთი მსოფლიოს პოლუსიც აღარაა, აშშ და ჩინეთი არიან მსოფლიოს პოლუსები და რუსეთი „ჩამოლაბორანტებული“ ჰყავთ.ამ ფონზე რატომ უნდა მოუნდეს საქართველოს რუსეთისკენ წასვლა, გაუგებარია, როცა რუსეთს იმ ტრანზიტის ინტერესი აქვს, რაც საქართველოსაც აინტერესებს.
თუ წარმოდგენილი ინტერპრეტაციის პრიზმაში შევხედავთ მიმდინარე პროცესებს, გაჩნდება მოსაზრება, რომ ამ არჩევნების ერთადერთი საკვანძო საკითხი არის ის, შეცვლის თუ ვერა ამერიკა და მთელი ევროპა ხელისუფლებას საქართველოში და დააბრუნებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას.“
თუ წარმოდგენილი ინტერპრეტაციის პრიზმაში შევხედავთ მიმდინარე პროცესებს, გაჩნდება მოსაზრება, რომ ამ არჩევნების ერთადერთი საკვანძო საკითხი არის ის, შეცვლის თუ ვერა ამერიკა და მთელი ევროპა ხელისუფლებას საქართველოში და დააბრუნებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“
რუსეთის თემას ამ სპექტაკლში დეკორაციის ფუნქცია აქვს. დაპირისპირება საჯაროდ რითიმე უნდა იყოს მოტივირებული და ხომ ვერ იტყვის ამხელა ზესახელმწიფო ჩინეთის გამო ვუპირისპირდები ცეროდენა ქვეყანასო. რუსეთი კი ჭუჭყიანი იარლიყია, რომლის მიწებება ავტომატურად ბულინგს იწვევს.
რუსეთი რომ მხოლოდ დეკორაცია არის, კარგად გამოვლინდა სენატში გიგაურის მოხსენებისას. მას ჰკითხეს „რაში ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდისო?“. გიგაურის ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ „ოცნება“ დასავლეთს აკრიტიკებსო. თუ სხვა არგუმენტი არაა, ეს არ გამოდგება არგუმენტად – „ოცნება“ კრიტიკით კი არ ექიშპება დასავლეთს, არამედ თავს იცავს ტახტის გადასატრიალებლად შემოსეული მეგობრებისგან.
„ოცნება“ კრიტიკით კი არ ექიშპება დასავლეთს, არამედ თავს იცავს ტახტის გადასატრიალებლად შემოსეული მეგობრებისგან
თანაც დასავლეთს თავად დასავლეთშიც ბევრი აკრიტიკებს, მაგალითები უხვადაა, მეც მოვიყვანე. მათი რიტორიკა არ ნიშნავს მოძრაობას რუსეთისაკენ.
– ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თქმით, მმართველმა გუნდმა ბევრი ისეთი საკამათო ნაბიჯი გადადგა, რომელთა გადადგმა ავტორიტარულ, ან ნახევრად ავტორიტარულ ქვეყნებშია შესაძლებელი.
აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკა, როგორც მინიმუმ, ისეთი არადემოკრატიული განცხადებები გააკეთა, დიქტატორებსაც კი შეშურდებოდა. მხედველობაში მაქვს განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და როგორც თავად ამბობენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გაანადგურებდა, ან აკრძალავდა.
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ „ძველ ნიშნულს დაუბრუნდება აშშ-საქართველოსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.“
ხელისუფლების ამგვარი მტკიცების არგუმენტი კი ასეთია – „არანაკლებ სჭირდება აშშ-სა და ევროპას საქართველო, როგორც საქართველოს აშშ და ევროკავშირი“. „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეძლოს აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება?
– თქვენც, მეც და სხვებსაც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ოცნების“ სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ის, რომ „ოცნების“ ალტერნატივაა „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთ სანატრელ ოპონენტს, რომელმაც არჩევნებში უარი მიიღო მოსახლეობისგან 12 წლის განმავლობაში, ადვილად გასწირავს „ოცნება“? თანაც, პირველად არ იძლევა ამ პირობას ივანიშვილი, ადრეც უთქვამს. საარჩევნო რეჟიმში ნათქვამი ამ ფრაზისთვის სერიოზული მნიშვნელობის მინიჭება შეცდომაა, თუ… სპეციალურად არ გინდა „ოცნების“ დემონიზაცია, რომ მერე რევოლუცია გაამართლო. რაც შეეხება ურთიერთობის დალაგების რესურსს, ამ საკითხმა ერთი რამ გამახსენა. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ერთიანობამ დედაენის მუხლი დაატოვებინა კონსტიტუციაში კრემლს, ანუ კრემლი დაამარცხა. „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ და იყო მოსალოდნელი ქვეყნის განადგურება, მაგრამ მოგვარდა ყველაფერი, შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრიც კი გახდა.
თუ ერმა არჩევნებით აჩვენა, რომ საქართველოში მარტო ხელისუფლება კი არაა ურჩი, არამედ მოსახლეობის მოთვინიერებაც ძნელია, დასავლეთი არ წავა გამწვავებაზე და დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეჯიბრისთვის სხვა ხერხებს გამოძებნიან საქართველოს სუვერენიტეტის შეწირვის გარდა
14 აპრილის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ურთიერთობის დალაგების რესურსი ყოველთვის არსებობს. აგრესიულ კრემლთან თუ მოხერხდა დალაგება, დასავლეთთან მით უფრო მოხერხდება. თანაც, დღეს თუ დასავლეთმა მთელ ერში გააჩინა უკმაყოფილება, ამ ერს ალტერნატივად აქვს ბრიქსი, რომელმაც ამგვარი ალტერნატივის როლი ითამაშა დასავლეთით უკმაყოფილო თურქეთისთვის.
ამიტომ, თუ ერმა არჩევნებით აჩვენა, რომ საქართველოში მარტო ხელისუფლება კი არაა ურჩი, არამედ მოსახლეობის მოთვინიერებაც ძნელია, დასავლეთი არ წავა გამწვავებაზე და დიდი ქვეყნები ერთმანეთთან შეჯიბრისთვის სხვა ხერხებს გამოძებნიან საქართველოს სუვერენიტეტის შეწირვის გარდა.
– არჩევნებამდე ასეთი სურათი გვაქვს. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, „ქართულ ოცნებას“, „ერთობა-„ნაცმოძრაობას“, „ლელო – ძლიერ საქართველოს“, „გახარიას – საქართველოსთვის“, გვარამია-მელია- გირჩი-მეტი თავისუფლებას“. არჩევნებში 19 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. კვლევებით ზოგს ახლაც აქვს 5-% ბარიერის გადალახვის შანსი, უმეტესობას ასეთი შანსი არც ახლა აქვს და, როგორც ჩანს, არც მერე ექნება.
„ქართულ ოცნება“ არც ერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან არ აპირებს პარლამენტში თანამშრომლობას, ვისაც მეტ-ნაკლებად აქვს 5-%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. იგი ყველა ამ პოლიტიკურ ჯგუფს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს.
ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიებიც არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან დასჭირდა თანამშრომლობა, ამის გაკეთებას, ვერ შეძლებს.
არადა, 30 წლიანმა პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ იმ ტრადიციიდან გამომდინარე რაც საქართველოს სსრკ-ს დროს ჰქონდა. მხედველობაში მაქვს ერთპარტიული მმართველობა, შემდეგ კიდევ ასევე ერთპარტიული მმართველობა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი. მაგრამ არამედ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთ ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ჯგუფთან არ დაიტოვა სათანამშრომლო გზა?
– რატომაა ერთპარტიული სიტუაცია? ბევრი ოპოზიციური პარტიაა. მაშინ, ამერიკაშიც ერთპარტიული ყოფილა, რადგან იქ ყოველთვის ერთი პარტია იმარჯვებს. ორი პარტიის ერთად გამარჯვება არსად არ ხდება და გვინდა რომ აქ იყოს? „ოცნებას“ საყვედურობენ, რატომ არავისთან თანამშრომლობსო, რაც უცნაურია. პოლიტიკა ავტობუსი ხომ არაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს ადგილს უთმობენ. გამოავლინოს ოპოზიციურმა პარტიამ ძალა და გაუწევენ ანგარიშს ამომრჩეველიც და სხვა პარტიებიც. კოალიციური მთავრობაც პარტიების ნებით კი არ იქმნება, არამედ იქმნება მაშინ, თუ ვერავინ იმარჯვებს.
კოალიციური მთავრობაც პარტიების ნებით კი არ იქმნება, არამედ იქმნება მაშინ, თუ ვერავინ იმარჯვებს
აქაც პირველობა ეკუთვნის მეტი ხმის მფლობელს, რაც, როგორც წესი, ოპოზიციიდან არის “ნაციონალური მოძრაობა.” ე.ი, კოალიციის მოყვანა “ნაციონალების” მოყვანას ნიშნავს. სამწუხაროა, რომ მისი რადიკალიზმი თანამშრომლობის კლიმატს არ ქმნის. ამდენად, თქვენი მოთხოვნა, რომ მხარეები თანამშრომლობდნენ, ოპოზიციასაც ეკუთვნის.
– საქართველოში აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე რომ ტემპერატურა იმატებდა ხოლმე, ეგ გასაკვირია არაა, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის საარჩევნო უბნებთან მიყვანა. მაგრამ, 2024 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით რომ გამორჩეულია, ფაქტია.
სახელისუფლებო და ოპოზიციური ფლანგის პროპაგანდამ იმდენი იღვაწა, ნათლად ჩანს, რომ ამომრჩევლების უმეტესობა სწორედ ამ ორივე მხარის პროპაგანდისტული ენით მეტყველებს. სამწუხაროდ, ამ ენით ახლა საუბრობენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს „სააზროვნო სივრცე“ ქვეყანაში აღარც კია დარჩენილი.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოსტსაარჩევნო არითმეტიკას აზრიც აღარ აქვს, რადგან, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებულ მოქალაქეებში ერთმანეთის მიუღებლობა საკმაოზე მეტადაც კი მაღალია. ამგვარი ვითარება გაიძულებს იმაზეც დაგაფიქროს, რეალურად, როგორია ან ხელისუფლების, ანაც ოპოზიციის ამომრჩეველი. მოდით, ხელისუფლების ამომრჩევლით დავიწყოთ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ევროკავშირიც უნდათ, მაგრამ, აშკარად სსრკ-ს ნოსტალგიაც აქვთ. გამოირჩევიან ანტიამერიკული და ანტიდასავლურ რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელ ნარატივების ხშირი გამეორებით. რეალურად, რა უნდათ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს? სავარაუდოდ, როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?
– ყველას უნდა მაქსიმალურად ადამიანური არსებობა. ალბათ, იგივე უნდა „ოცნების“ ამომრჩეველს. სავარაუდოა, რომ ადამიანური არსებობის გაგება აქვთ ადამიანებს სხვადასხვანაირი და მერე ამის მიხედვით ჯგუფდებიან პარტიებად. სავარაუდოდ, „ოცნების“ დღევანდელ ამომრჩეველს ადამიანურ არსებობად მიაჩნია, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“. ეს ძველი, კარგად ნაცნობი და რთული პრინციპია, რომლის მიღწევა ითხოვს ხერხსაც და ღონესაც.
„ოცნების“ დღევანდელ ამომრჩეველს ადამიანურ არსებობად მიაჩნია, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“. ეს ძველი, კარგად ნაცნობი და რთული პრინციპია, რომლის მიღწევა ითხოვს ხერხსაც და ღონესაც
– ოპოზიციის უმეტესობის საარჩევნო სურვილები მეტად ცხადი და გასაგებია. მათი უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა „უცხო ქვეყნის გავლების გამჭვირვალეობის“ კანონს. მტკივნეულად რეაგირებდა ხელისუფლების მისამართით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების კრიტიკაზე.
რეალურად, რა უნდათ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის ამომრჩევლებს? როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს?
– მეჩვენება, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი უფრო სწორხაზოვანი პოლიტიკური სქემებით მოქმედებს. ეს ახალგაზრდობისათვის არის ტიპური, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციურია. ამ სქემის ერთ-ერთი გამოხატულებაა მოძრაობა ევროპისკენ. სავსებით სწორი მიზანია, საქართველოს და ევროპის ინტერესები სტრატეგიულ სიღრმეებში ემთხვევა ერთმანეთს და ბუნებრივი პარტნიორები ვართ, მაგრამ პარტნიორობა ამდენი საუკუნეა ვერ მოხერხდა, რადგან ევროპა არ იყო დაინტერესებული. ჩვენ რაში გვჭირდება ევროპა, ცხადია. ხოლო თუ არ გავიაზრეთ, მას რაში ვჭირდებით, მიგრანტების სტატუსს ვერ ავცდებით. ხოლო ასეთი მსოფლიოში ბევრია. ანუ ევროპასთან ურთიერთობას ფიქრიც უნდა სურვილის გარდა.
ოპოზიციის ამომრჩეველი უფრო სწორხაზოვანი პოლიტიკური სქემებით მოქმედებს. ეს ახალგაზრდობისათვის არის ტიპური, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციურია. ამ სქემის ერთ-ერთი გამოხატულებაა მოძრაობა ევროპისკენ. სავსებით სწორი მიზანია, საქართველოს და ევროპის ინტერესები სტრატეგიულ სიღრმეებში ემთხვევა ერთმანეთს და ბუნებრივი პარტნიორები ვართ, მაგრამ პარტნიორობა ამდენი საუკუნეა ვერ მოხერხდა, რადგან ევროპა არ იყო დაინტერესებული
ოპოზიციურ ამომრჩეველში, ჯერჯერობით, უფრო სურვილი ჩანს ვიდრე ფიქრი. რადგან ახალგაზრდული მუხტი მათში მეტია, დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი იპოვიან მომავალში სწორ გზას გეოპოლიტიკურ ლაბირინთში.
– არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი იღებს მონაწილეობას. დამკვირვებელთა უმეტესობის ვარაუდით, უმეტესი მათგანი 5-%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. რა უნდათ და რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიებმა, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ?
– მათ სურთ შესვლა პოლიტიკურ არენაზე, ცნობადობა, ბრძოლის გამოცდილება, რასაც დაბალი პროცენტიც იძლევა. მივესალმები ამ სურვილს, თუ მერე დაფიქრდებიან მეტი შედეგი რატომ ვერ მიიღეს.
– არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვაშინგტონიდან და ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ კრიტიკული გზავნილები მიიღო.
კრიტიკული შენიშვნების ჩამონათვალი იმდენად გრძელია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საფიქრალი ახლა უკავშირდება იმას, აღიარებს თუ არა ევროპა და აშშ-ს საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს ის შემთხვევაა, როცა არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება არც დასავლეთის და არც რუსეთის ინტერესებში არაა.
ამ თვალსაზრისით, დღეისათვის, რეალურად, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად აღიარების, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს? – უკვე ვახსენე, რომ თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს. ყველაფერთან ერთად, ჩინეთს გაეხსნება კავკასიური დერეფანი, რასაც ასე აპროტესტებს ამერიკა. ამიტომ, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს.
თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს. ყველაფერთან ერთად, ჩინეთს გაეხსნება კავკასიური “დერეფანი, რასაც ასე აპროტესტებს ამერიკა. . . დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს”
– მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს „არ მოაპარვინებს“.
რუსეთის დაზვერვის უფროსმა ბატონმა პატრუშევმა, ამას წინათ საქართველოს თემაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს,, მაგრამ, ისიც თქვა, რომ დასავლეთი საქართველოში რევოლუციისთვის ემზადება. მან ასევე პრაქტიკულად გვითხრა ირიბად, რომ რუსეთი საქართველოშია და სიტუაციას აკონტროლებს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადაინაცვლებს?
მოსკოვისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ძალის გამოყენებით არ ჩაერევა? თუ კი, სავარაუდოდ, როგორ?
– მე მგონია, რომ მოსკოვისთვის სასურველი არის დესტაბილიზაცია საქართველოში, რათა ჩაიშალოს ჩინური ტრანზიტი და გავიდეს რუსეთზე. ამიტომ მგონია, რომ თუ ქუჩაში გაგრძელდა მღელვარება,“სიმშვიდის“ დასამყარებლად რუსეთმა შეიძლება გადმოლახოს საზღვარი და მერე ხალხის მოთხოვნის აღსრულებისთვის, ის ხომ ცნობილი დემოკრატია, ძალისმიერად შეცვალოს ხელისუფლება. მეორე მხრივ, თუ საქართველოში პროცესები ქუჩაში არ გადავიდა, ეს აქტიურობის საშუალებას არ მისცემს რუსეთს.
“თუ საქართველოში პროცესები ქუჩაში არ გადავიდა, ეს აქტიურობის საშუალებას არ მისცემს რუსეთს”
– რა როლის შესრულება შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმისთვის, რომ არჩევნებმა და არჩევნების შემდეგ პროცესებმა ქვეყანაში მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს?
– გადადგეს.
– ახლა ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, საინტერესოა თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ, ანუ 27 ოქტომბერს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში რას ურჩევდით საქართველოს მოქალაქეებს?
– რჩევები უშედეგო საქმე კი არის, მაგრამ, მეც, სხვა ანალიტიკოსებისა არ იყოს, ყველას ვურჩევ სცადონ, რომ ხმა მისცენ რეიტინგულ პარტიებს, რომ არ დაიკარგოს ხმები და მერე არ გაგვიჩნდეს უსამართლობის განცდა.