ბიძინა ივანიშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო”, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“  პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვა.

„მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის!

მაგრამ, თუკი მავანი „ქართული ოცნების“ პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენს სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე; საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული  ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში!

სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია!

ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.

რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ – 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები