შალვა პაპუაშვილმა იმერეთის მოსახლეობას მიმართა: ისტორიის ამ უგრძეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის

“ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარსა და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს, საქართველოს დიდი ისტორია და ის მისია, რომელიც მოსახლეობას ახლა აკისრია, რაც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს, როგორც თვითმყოფადი ერის შენარჩუნებას.

„დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენით არ იწყება. რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი, არა როგორც ტერიტორიის, არამედ სახელმწიფოსი, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის.

„სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ – აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები