გიორგი ვოლსკი: თუკი არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, ეს ვერ დაიმალება და რასაკვირველია ამას შესაბამისი რეაგირება ექნება

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის შესახებ კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, თუკი არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, ეს ვერ დაიმალება და ამას შესაბამისი რეაგირება ექნება.

“გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ კონკრეტული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შევქმენით, მაგრამ მაშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ვინაიდან, რეალურად, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება. რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაია სხვა სივრცეშია და სხვაგან არის, ის მარტო არაა… თამარ კორძაია მარტო არ არის… თამარ კორძაიები არიან ყველანი, ვინც, თავის გამოჩენის მიზნით, მსგავს განცხადებებს აკეთებს.

თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, მითუმეტეს, როგორც ის ამბობს, თუ ამას მასიური სახე აქვს, ეს ვერ დაიმალება და, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს “ქართული ოცნების” ოფისში. “ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა “ქართული ოცნება”.  ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ოფისში – ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ”,- აღნიშნა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები