ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები

“ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი დესტრუქციაა.

„როგორც კი გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, სადაც ხაზგასმულია ერთი ყველაზე მთავარი მონაცემი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს, მყისიერად ჩაიშალა ამ უსამშობლოების მიერ მართულ ყველა პროპაგანდისტულ მიმართულებაში, მათ შორის, მათ პარტიულ ტელევიზიებში, რომ „როგორმე სასწრაფოდ რაიმე ბინძური ფეიკი მოვიფიქროთ“. შორსაც ვერ წავიდნენ, ახალიც ვერაფერი მოიგონეს და რაც 2020 წელს გააკეთეს და რამდენიმე დღეში „აუფეთქდათ“ ბინძური სიცრუე და დასაცინები გახდნენ, სწორედ იგივე, ბოდიში ჟარგონისთვის, „გადმოაკატავეს“ 2024 წელს და ახლა არასრულ 24 საათში აუფეთქდათ ასეთი ფეიკ-ნიუსი.

ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველა საშუალების გამომყენებლები თავიანთი დესტრუქციული და უსამშობლო მიზნების მისაღწევად, რასაც აქ პოლიტიკური არეულობის შემოტანა ჰქვია”, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები