გიული ავალიშვილი: ძალიან ძნელია ჩემთვის იმ პერიოდის გახსენება, რომელმაც უდანაშაულო ძმა მომიკლა, კაცი, რომელიც ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა. ოჯახი ამოუწყვიტეს, გვარის გამგრძელებელი არ დაუტოვეს

ამ ხელისუფლების რეჟიმს ჰყავდა პროვოკატორი ქალი, რომლის საშუალებითაც ალალ-მართალ ადამიანებს იჭერდნენ – ჩემმა ძმამ პირადად მითხრა, რომ გამომძიებელმა თვითონ მითხრა მეშვიდე ხარ ამ კვირაში ამ ქალის მიერ მოყვანილიო, – ამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლის დამ, გიული ავალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი ძმა ისე გარდაიცვალა, არ გაუგია რა დააშავა და რისთვის გაწირეს ასე და მიიყვანეს სიკვდილის პირას.

„ძალიან ძნელია ჩემთვის იმ პერიოდის გახსენება, რომელმაც უდანაშაულო ძმა მომიკლა, კაცი, რომელიც ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა. ოჯახი ამოუწყვიტეს, გვარის გამგრძელებელი არ დაუტოვეს და ეს ყველაფერი გააკეთა იმ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს იბრძვის ხელახლა მოვიდეს სათავეში. როგორ შეიძლება მათი თავიდან მოსვლა. მათ აქვთ ის მორალური უფლება იბრძოლონ და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში? ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემს ძმას ჰქონდა მიკრო ავტობუსი, რომლითაც გადაჰყავდა მომიტინგეები, 2011 წელს თბილისში აქციაზე. 26 მაისს დაარბიეს ეს აქცია, სისხლით შეიღება ყველაფერი და მეორე დღეს დაიწყო დაპატიმრებები. არ გასულა რაღაც 10 დღე და ჩემს ძმასაც მოადგნენ, პროვოკაცია მოუწყვეს, დააკავეს თბილისში და გადაიყვანეს თელავში. საინტერესო იყო ის, რომ როდესაც მეორე დღეს ჩავედით, სასამართლო გაიმართა, ჩემმა ძმამ პირადად მითხრა, რომ გამომძიებელმა თვითონ მითხრა მეშვიდე ხარ ამ კვირაში ამ ქალის მიერ მოყვანილიო. ამ ხელისუფლების რეჟიმს ჰყავდა პროვოკატორი ქალი, რომლის საშუალებითაც ალალ-მართალ ადამიანებს იჭერდნენ. სასამართლო თელავში გაიმართა და ჩემს ძმას წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს, იმიტომ, რომ ძალით ვათქმევინეთ, რომ აღიაროს დამნაშავეაო. ჩვენც შევუთვალეთ ადვოკატის საშუალებით, რომ ეთქვა დამნაშავე ვარო. ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი ძმის აცრემლებული თვალები, მოსამართლე რომ შეეკითხა დამნაშავედ გრძნობ თავს თუ არაო და თქვა კიო, შემომხედა და თვალებით მანიშნა – რა დავაშავეო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან არ გაუგია რა დააშავა და რისთვის გაწირეს ასე, მიიყვანეს სიკვდილის პირას. თელავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, ისეთ ჯოჯოხეთში იყო, საიდანაც ბევრი ვერ გამოვიდა, მათ შორის ჩემი ძმაც. ყველაფერს რომ თავი დავანებო, ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი ადამიანი მორგში ჩაიტანეს. სამი დღე იცოცხლა, რომ გამოვიდა ციხიდან და მითხრა ბევრი მაქვს მოსაყოლიო, მაგრამ ვერ მოასწრო“, – აღნიშნა ავალიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თუ როგორ დაიწყო საქმის ხელახალი გამოძიება და როგორ გამართლდა მისი ძმა სიკვდილის შემდეგ.

„მადლობა უნდა ვუთხრა ამ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი. დაიწყო ხელახალი გამოძიება და 2019 წელს გამოგზავნეს განაჩენი, რომლითაც, ჩემი მართალი ძმა გამართლდა და მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ოჯახი ამოწყვიტეს. მარტო ჩემი ძმის ოჯახი ხომ არ იყო, რამდენ დედას ჩააცვეს შავები, არ დაუტოვეს გვარის გამგრძელებელი. ნუთუ შეიძლება, ესენი კიდევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჰყავთ კიდევ დამცველები?! მინდა მივმართო ყველას, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და ჩემი ტკივილი გაიზიარა. იმათაც მინდა მივმართო, ვინც არ გაიზიარა, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელმაც ჩვენ მშვიდობა მოგვიტანოს. 26 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს 41 ნომერს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. მე ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად ჩავუნერგავ იმას, რომ მათ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში!“, – განაცხადა გიული ავალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები