2015 წელს შესაძლოა პენსიები გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომავალ კვირას დაიწყება. სოციალური პაკეტი ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში მომავალ წელსაც პრიორიტეტად რჩება. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზეა ორიენტირებული.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წელს პენსიის გაზრდას ვარაუდობს.
“რამდენადაც მე ვიცი, ჯერ ერთი, დაბალი ეკონომიკური ზრდა არ არის 5%, უფრო მეტი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამას დაბალს არ დავარქმევდი. მეორე – პენსიების ზრდა არსებულ საბიუჯეტო ვარიანტში არ არის, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 5%-ზე მეტი იქნება ზრდა, ამიტომ კონსერვატიულად დავგეგმეთ და ნამატი სავარაუდოდ მიმართული იქნება მათ შორის პენსიების ზრდაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრების დადგენას ფინანსური დოკუმენტის ავტორთან ცდილობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზრდილია სოციალური პროექტების დაფინანსება და არაა გამორიცხული, რომ საპენსიო უზრუნველყოფის პირობების გაუმჯობესებაც მოხდეს.„საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს 2015 – 2016 წელებში გაზარდოს დაფინანსება სოციალურ პროგრამების მიმართულებით, ეს სავარაუდოდ შეეხება პრენსიებსაც. ვნახოთ, თუ როგორ დაკონკრეტდება გასაწევი ხარჯების ოდენობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.
2015 წელს პენსიონერთა უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი დამატებით 34 მილიონი სავარაუდოდ ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები