ინდოეთის მოსახლეობამ დაიფიცა, რომ ქვეყანას ნაგვისგან გაწმენდენ
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სტარტი მისცა 5 წლიან სახელმწიფო პროგრამას „სუფთა ინდოეთი“, რომლის მიზანიც ქვეყნის ნაგვისგან განთავისუფლებაა.
პროგრამა მაჰათმა განდის 150 წლიან იუბილეს უკავშირდება, რომელიც 2019 წელს დადგება. თავის დროზე განდი სუფთა ინდოეთზე ოცნებობდა, სადაც ყველა ინდოელს ექნებოდა ტუალეტი, ხელმისაწვდომობა სასმელ წყალზე, ინდოეთის ქუჩებში კი ნაგავი არ იქნებოდა.
„მაჰათმა განდის ოცნება სუფთა ინდოეთზე ჯერ კიდევ აუსრულებელია“, – აღნიშნა მოდიმ და ქვეყნის ყველა მკვიდრს მოუწოდა „ნაგვისაგან გაეწმინდათ ინდოეთის ყველა კუთხე.
ნაგავთან ბრძოლის კამპანიაში მთელი ინდოეთი ჩაება. კამპანიას მოხალისეებად წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებიც უერთდებიან. ღონისძიებაში მონაწილეობა დაევალა ქვეყანაში მყოფ 3,1 მილიონ ჩინოვნიკსა და პოლიციელს, რომლებმაც წესრიგის დამყარება საკუთარი ოფისებიდან უნდა დაიწყონ, შემდეგ კი მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინდოეთის ათი ათასობით მკვიდრმა სიმბოლური ფიცი დადო, რომ „ყოველწლიურად ნაგვისგან განთავისუფლებას არანაკლებ 100 საათს დაუთმობენ“. ფიცის თანახმად ინდოელებმა ასევე პირობა დადეს, რომ არ დააბინძურებენ გარემოს და ამის ნებას არც სხვებს მისცემდნენ.
ინდოეთის პოლიციის გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში დანაგვიანებაზე არსებული გადასახადებიც გაიზრდება.
2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ინდოეთის სოფლის ტიპის დასახლებებში სახლების 67 % ტუალეტი არ გააჩნია. ზემოთხსენებული კამპანიის ფარგლებში ინდოეთის მთავრობა ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად 2 ტრილიონი რუპიის (დაახლ. 33 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვას აპირებს.