ბოჭორიშვილი – ბორელის განცხადებაზე: ეს არის აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნების ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში

„დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები საქართველოს მოქალაქეებს და სინამდვილეში რა ხდება? ხდება ის, რომ ვსაუბრობთ, ბორელმა როგორ დაარქვა საქართველოს ავტორიტარული ქვეყანა, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

„შეიძლება, თამამად შევაფასოთ ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად. ქართველი ხალხი გადაწყვეტს თავად, ვის აირჩევს და ვის ჩააბარებს ქვეყნის განვითარების მომდევნო წლებს. რაც შეეხება სპეკულაციებს იმაზე თუ რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისა, რა გააკეთა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში ზუსტადაც ევროკავშირთან ურთიერთობებში – ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაჯდება საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და დახურავს კიდეც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

ეს არის აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც სხვა ქვეყნების ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ იმაზე თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში. სულ ახლახან იყო არჩევნები ლიეტუვაში. ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება მაჩვენეთ ლიეტუვის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ჩვენ არ გვიკადრია და არ ვკადრულობთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ღია უკუსვლა საქართველოში სახეზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები