დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მოსახლეობა ხედავს, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ, ოპოზიცია კი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა, ამშვიდებთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას პრინციპულად იცავს

მიაღწევს თუ არა „ქართული ოცნება“ წინა არჩევნების მსგავსს წარმატებას მცხეთაში? – ამ კითხვაზე მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მცხეთის მოსახლეობა ხედავს, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რადიკალური ოპოზიცია კი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა, ამშვიდებთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას პრინციპულად იცავს.

„მოდით, ცოტას ვიხუმრებ: „ქართული ოცნება“ წინა შედეგების გამეორებას ვერ შეძლებს, რადგან უფრო მეტ შედეგს მიიღებს, ვიდრე – აქამდე.

მცხეთის მოსახლეობა მთავარ საკითხად მაინც მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას აყენებს. თავად ხედავენ, რომ რეგიონში ორი უდიდესი, შეიარაღებული კონფლიქტია – უკრაინა-რუსეთისა და ისრაელ-პალესტინის, რომელთა ფრონტის ველიც ფართოვდება. ერთი მიმართულებით შავი ზღვა გვაშორებს, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კი მხოლოდ ერთი ქვეყანა – თურქეთი. თავად თურქეთი საკმაოდ მძიმე განცხადებებს აკეთებს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ხედავს, რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ, რადიკალური ოპოზიცია კი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა, ამშვიდებთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას პრინციპულად იცავს. შესაბამისად, მცხეთის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს არის – საქართველოში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. მათ აქვთ იმედი, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხებიც მოგვარდება, რადგან ხედავენ, რომ ბევრი რამ კეთდება – პრაქტიკულად, მცხეთა – მთიანეთის 500 სოფლიდან იშვიათია სოფელი, რომელშიც მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ბევრი გამოწვევაც და გასაკეთებელიც. ჩვენ ამ მიმართულებით დავიგეგმეთ და არჩევის შემთხვევაში, მეორე დღიდან დავიწყებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქამდე პრობლემად რჩება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები