არჩილ გორდულაძე – ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალების ფაქტი – მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.
გორდულაძე ასევე ანგარიშში იმ ფაქტის ასახვასაც აღნიშნავს, თუ როგორ არ ესწრება ოპოზიცია და ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს.
გორდულაძის თქმით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები, იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული პარტიები და ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული არჩევნების სათანადოდ გამართვით.
„მისასალმებელია აგრეთვე, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, რომ ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში.
მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება“, – აღნიშნა გორდულაძემ.