საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო არ არის დარწმუნებული, განიცადა თუ არა მუტაცია ჰანტავირუსმა

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, განიცადა თუ არა მუტაცია ჰანტავირუსმა, რომელიც MV Hondius საკრუიზო გემზე გავრცელდა.

მანამდე ჰანტავირუსი გემიდან ევაკუირებული ხუთი საფრანგეთის მოქალაქიდან ერთ-ერთს დაუდგინდა. ყველა მათგანი საავადმყოფოში მკაცრ კარანტინში მოათავსეს. გარდა ამისა, კარანტინში მოათავსეს საფრანგეთის კიდევ რვა მოქალაქე, რომლებიც აპრილში ინფიცირებულ ადამიანთან ერთად იმავე რეისზე იმყოფებოდნენ.

„არის რაღაცები… რაც ჯერ არ ვიცით ამ ვირუსის შესახებ… დარწმუნებულები არ ვართ, განიცადა თუ არა ამ ვირუსმა მუტაცია“, – ციტირებს რისტის სიტყვებს „როიტერსი“.

მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ვირუსის სრული თანმიმდევრობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ მისი ზუსტი სტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ მომაკვდინებელი ჰანტავირუსის აფეთქება ჰოლანდიურ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე დაფიქსირდა, რომელიც არგენტინიდან კაბო-ვერდეში მიემართებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფექციის 11 შემთხვევა დაადასტურა და სამი ადამიანი გარდაიცვალა. გემი კანარის კუნძულებზე კვირას ჩავიდა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ჰანტავირუსი ვირუსების ის სახეობაა, რომელიც ადამიანებს მღრღნელებთან კონტაქტით გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები