“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ევროკომისია საუბრობს საქართველოს მიღწევებზე”, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
აბაშიშვილმა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად სანდო ქვეყანაა საქართველო.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციის მაჩვენებელზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის სანდო ქვეყანაა საქართველო. ეს ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ბიზნესი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ანალიტიკოსები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გაცილებით უფრო სანდო ინფორმაციას იღებენ ევროკომისიისგან და მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ვალიდურია ის ინფორმაცია, რასაც ევროკომისია აქვეყნებს და არა ცალკეული ფიზიკური პირების განცხადება, რომელიც საქართველოს მხრიდან ხდება ხოლმე.
სამწუხაროდ, ცალკეული წევრები ევროკომისიას ეყრდნობიან ხოლმე, ცრუ წყაროებს შეიძლება ასე ვთქვათ ქართულ წყაროებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პოლიტიკურად მოტივირებული და ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ხდება ძალიან ავტორიტეტული წყაროს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც ეყრდნობა კვლევებს და არა ცალკეული ტიპის განცხადებებს რომელიც სამწუხაროდ ხშირად ისმის ხოლმე ყოველგვარი დასაბუთების და კვლევების გარეშე“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მოამზადა. საქართველომ, შეფასების 10-ბალიანი სისტემით, 7,56 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.