ლევან დავითაშვილი: კომპანია „ჰანიველ ცემენტის” ახალი პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო ეკონომიკური, არამედ გარემოს დაცვითი კუთხით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო კომპანია „ჰანიველ ცემენტის” ახალი პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში. საწარმო ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენებას იწყებს. ღონისძიება „კასპი ცემენტის“ სივრცეში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

„როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კომპანია „ჰანიველ ცემენტის” პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ გარემოს დაცვითი კუთხით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, ქვეყნის და მისი ეკონომიკის მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. კომპანიის მიერ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული სხვადასხვა პროექტში, 2006 წლის შემდეგ „ჰაიდელბერგ ცემენტი“ განვითარდა და გარდაიქმნა მნიშვნელოვან საწარმოდ საქართველოს ეკონომიკაში. მას ძალიან დიდი როლი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სტრატეგიული-სამრეწველო, ისტორიული ობიექტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მდგრადი მიწოდება მოვახდინოთ ჩვენი სამშენებლო სექტორისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საწარმოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების ტექნოლოგია უკვე აპრობირებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმატებით ხორციელდება როგორც „ჰაიდელბერგ ცემენტის“, ასევე სხვა კომპანიების კუთვნილ ცემენტის ქარხნებში. ამასთან, დღეისთვის კასპის ცემენტის ქარხანა საწვავად ქვანახშირს და ბუნებრივ აირს იყენებს, პროექტის განხორციელების შედეგად კი მათი ნარჩენი საბურავებით ჩანაცვლება მოხდება, რაც მნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვის თვალსაზრისით.

„ჰანიველ ცემენტის“ ახალი პროექტის ბიუჯეტი 5,8 მილიონი ლარს შეადგენს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკაში მთლიანად სამშენებლო სექტორის მნიშვნელოვან წილზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა ბოლო წლებში სტაბილურად პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, მათ შორის იანვარ-აგვისტოს თვის მონაცემებით, ზრდამ 10% შეადგინა. ამასთან, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნადაა მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურული პროექტებით – მათზე წლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ზე მეტი იხარჯება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ეს მონაცემები და დინამიკა დიდწილად სწორედ კერძო სექტორის, ბიზნესის სწორი გადაწყვეტილებების შედეგია.

„დარწმუნებული ვარ, რეგიონისთვის დასაქმების კუთხით ესეც მნიშვნელოვანი საწარმო იქნება, კომპანიის გეგმები კი დამაიმედებელია – რომ ის მომავალში კიდევ უფრო მდგრადი იქნება, მათ შორის ეკოლოგიური, გარემოს დაცვის კუთხით. „ჰანიველ ცემენტი“ მნიშვნელოვანია – როგორც საწარმო და როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბევრი სხვა დარგის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები