ჰადას მეიცადი: ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა”,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა გაერთიანდეს.
“ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში “, – წერს ელჩი.
ცნობისთვის, თელ-ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი, საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა რვა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
განეიტრალებულია თავდასხმის მონაწილე ორი ტერორისტი.