“ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას არ ვასაჯაროებდით” – მდინარაძე

“ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას არ ვასაჯაროებდით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ახლა თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, არამედ, ქვეყნის შიგნიდან, პირდაპირი გაგებით, ეხვეწებიან, იქნებ დამაკნინებელი მოქმედებები იყოს პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, საუბარი იყო და ინფორმაცია არსებობდა იმის შესახებ, რომ შეშვება-არშეშვების საკითხზეც რაღაც დაბრკოლება მაინც ყოფილიყო, რათა შემდეგ ჟურნალისტებს აქ რაღაც ეთქვათ. მათ შორის ლაპარაკი იყო გამოსვლის ჩახსნაზეც და იმ შეხვედრების, რაც შედგა. ვერცერთი მოხერხდა და მოახერხეს ერთადერთი – ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ გაუგზავნა მოწვევა და შემდეგ გააუქმა. ან რას იწვევდნენ, ვინ ეხვეწებოდათ, ან შემდეგ რაღას აუქმებდნენ? დაპატიჟება-არდაპატიჟებისთვის რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ოპოზიციას, რათა შემდეგ ამით ისპეკულირონ და თქვან, აი, იზოლაციაში მყოფი საქართველო, პრემიერი, რაღაც უნიჭო თეატრალური წარმოდგენები დადგან?

არც მოწვევა უკვირს ვინმეს, არც არმოწვევა. სხვათა შორის, ზუსტად ვიცით, გაგრძელდება ეს, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. დასანქცირებისა არ იყოს, რა შეიცვალა პირველ და მეორე დასანქცირებებს შორის? ახალი აქციები იყო და რომელიმე პოლიციელმა ვინმეს რამე დაუშავა? პოლიციელმა თუ რამე დააშავა, მერე გაიგეს? შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მოახლოვდა არჩევნები. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ „ფორმულას“, „მთავარს“, „ტვ პირველს“ მზა პროდუქტი გექნებათ პიარისათვის, რათა ნეგატიური კამპანია აწარმოონ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რესურსი არა აქვთ, სოფლებშიც კი ვერ შედიან, ამომრჩეველს ვერ ელაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები