იუსტიციის სახლი, სავარაუდოდ, აპრილში გაიხსნება
თბილისის იუსტიციის სახლი, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში გაიხსნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრმა მიხეილ სარჯველაძესთან ერთად იუსტიციის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ექსპერტებთან და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წამომადგენლებთან ერთად გაეცო. წულუკიანის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობას აქვს ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას მოქალაქეებისთვის თბილისის იუსტიციის სახლის მისაღების დიდი დარბაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები ხარისხიანი უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროთ. მისივე განცხადებით, შენობა თავის დროზე უხარისხოდ და ნაჩქარევად აშენდა.
ამჟამად იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. ფოთლის შიდა ნაწილში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შენობას ემატება საყრდენი კონსტრუქციები. “მოქალაქეთა დარბაზზე პირდაპირ ე.წ. ფოთოლი ჰკიდია, რომლითაც სახურავის ნაწილია გადახურული და თუ არ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს არაფერი საფრთხე დაემუქრებათ, რა თქმა უნდა, მანამდე დარბაზი ვერ გაიხსნება. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ აპრილის პირველ ნახევარში ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დარბაზი გაიხსნას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.