ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს, მომხდართან დაკავშირებით წერილი წინასწარ ჰქონდა დაწერილი – რა წერია ბრალდებულის მიმართვაში, რომელსაც აშშ-ს ოფიციალური უწყება ავრცელებს

მამაკაცმა, რომელმაც 15 სექტემბერს ფლორიდაში აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა, რამდენიმე თვის წინ აშშ-ს ერთ-ერთ მოქალაქეს სახლთან ყუთი დაუტოვა, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად, მისი სამომავლო გეგმების შესახებ წერილიც იდო,- შესაბამისი წერილის ამსახველ ფოტოსურათს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

წერილში 58 წლის რაიან უესლი რუთი “მსოფლიოს” მიმართავს:

“ეს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა მე თქვენ იმედები გაგიცრუეთ. მე ყველაფერი ვცადე, ყველა ძალისხმევა გავიღე ამისთვის. საქმის დასრულება ახლა თქვენზეა; ნებისმიერს, ვინც საქმეს ბოლომდე მიიყვანს, 150,000 დოლარს გადავცემ”. – წერია რუთის წერილში.

გარდა წერილისა, მოწმის თქმით, ყუთში ასაფეთქებელი ნივთიერება, მეტალის მილი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა, ხელსაწყოები, 4 ტელეფონი და რამდენიმე წერილი იდო.

მოწმემ ყუთის შესახებ პოლიციას მას შემდეგ აცნობა, რაც გაიგო, რომ ტრამპის მკვლელობა მეორედ სცადეს. მოწმის თქმით, ყუთი, რომელიც რუთმა მის სახლთან რამდენიმე თვის წინ დატოვა, მხოლოდ ინციდენტის შესახებ გაგების შემდეგ გახსნა და აღმოაჩინა, რომ ის სწორედ რუთის დატოვებული იყო.

ცნობისთვის, ტრამპს მისი საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე თამაშისას 58 წლის რაიან უესლი რუთმა ცეცხლი გაუხსნა. შეიარაღებული მამაკაცი გოლფის მოედნის გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იცდიდა, რათა შემდეგ ტრამპისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. რუთმა სროლა ვერ მოასწრო, რადგან აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა დროულად შენიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები