ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი – “გზავნილი რუსეთისთვის უნდა იყოს მკაფიო: ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია”

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი, რუბენ ბრეკელმანსი მიიჩნევს, რომ ნატომ გარკვევით უნდა აუწყოს რუსეთს, რომ ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია.

მინისტრი გარკვეულ სტრატეგიას რუსული უპილოტო თვითმფრინავების მიერ ნატოს საჰაერო სივრცის პერიოდულ დარღვევაში ხედავს.

“ჩვენ ახლა ვიცით, რომ ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის სტრატეგიაა – ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს და მცირე ნაბიჯებით შეამოწმოს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს მიუღებელია”, – თქვა ბრეკელმანსმა.

მისი თქმით, ცალკეულ წევრ ქვეყნებს აქვთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, როდესაც საქმე მარტივ დრონებს ეხება.

” ჩვენ მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენს მოკავშირეებთან, გვაქვს თუ არა საკმარისი შესაძლებლობები ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად. და თუ არა, მაშინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამისთვის საჭიროა მეტი გავაკეთოთ, მეტი მივცეთ, მეტი მივაწოდოთ. რადგან, როგორც ვთქვი, გზავნილი რუსეთისთვის უნდა იყოს მკაფიო: ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ლატვიის სახელმწიფო საზღვართან ამოუცნობი საჰაერო ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც საზღვარს მიუახლოვდა და კრასლავის ოლქის ტერიტორია გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები