ჰონგ-კონგის ცენტრი პარალიზებულია. საპროტესტო აქციების შედეგად დაჭრილია 50 ადამიანი (ვიდეო)
50 ადამიანზე მეტი დაჭრილი და 100 დაკავებული მოქალაქე. ეს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების შედეგია. ჰონგ-კონგი აპროტესტებს პეკინის ჩარევას მის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 3 დღის განმავლობაში მანიფესტანტები ჰონგ-კონგის საქმიანი ცენტრისკენ მიმავალ ქუჩებს არ ტოვებენ. გზები დაბლოკილია, დაკეტილია ბანკები, საფინანსო კომპანიები, სკოლები, მაღაზიები. უცხოური პრესის ცნობით, პეკინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სრულად გამოუცხადა მხარდაჭერა იმას, თუ როგორ ცდილობს ჰონგ-კონგის ადმინისტრაცია წესრიგის დამყარებას. ადგილობრივი ხელისუფლება სთხოვს დემონსტრანტებს, დაიშალონ და სახლებში წავიდნენ. გარდა ამისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს სხვა სახელმწიფოებს, არ ჩაერიონ ამ პრობლემის მოგვარებაში და სხვადასხვა განცხადებისგან და ქმედებისგან თავი შეიკავონ.
„მე კიდევ ერთხელ ვაზუსტებ: ჰონგ-კონგი ეს ჩინური ჰონგ-კონგია. ეს ჩინეთის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რაიონია. ჰონგ-კონგის პრობლემა მხოლოდ ჩინეთის შიდა პრობლემაა. ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა საქმეებში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევის და არაკანონიერი აქციების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. იმედი გვაქვს, გარკვეული ქვეყნები სიფრთხილეს გამოაჩენენ იმის გამო, თუ რას ამბობენ და არ გამოაგზავნიან სიგნალებს, რომლებიც არასწორად იქნება გაგებული“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნიინმა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ხელისუფალთა აზრით, ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა პეკინის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებისგან უნდა იყოს არჩეული, რაც პროტესტანტებისთვის მიუღებელია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5lZwLASY1k4″ width=”560″ height=”315″]