“რაც მაღალი იქნება ამომრჩევლების უბნებზე გამოცხადება, მით მაღალი იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი” – გიორგი კალანდარიშვილი
“რაც მაღალი იქნება ამომრჩევლების უბნებზე გამოცხადება, მით მაღალი იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი”, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
“სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა წუხილი კენჭისყრის დღის კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ყოფილიყო დათვლის ნაწილი, შემაჯამებელი ოქმის ნაწილი, თუნდაც კენჭისყრის დღის მიმდინარეობა. ცხადია, როცა ათი ათასობით ადამიანი უწევს ამ პროცესს ადმინისტრირებას, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა არსებობს. აპარატების გამოყენებით კი, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა. არის შედეგების კიდევ უფრო მეტად სიზუსტის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. დაჩქარებულია წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რომელიც ჩვენი დაკვირვებით და განვლილი პილოტების შედეგად, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე მონაკვეთი იქნება, საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ 21:30. ამასთან, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ აპარატი სწორად ითვლის, ზუსტი და სანდოა შედეგების შედგენის პროცესი, უკლებლივ ყველა საარჩევნო უბნის შედეგი უპირობოდ გადაითვლება. 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში ვნახეთ, რომ აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილ შედეგებს შორის, ფაქტობრივად, სხვაობა არ ყოფილა, გარდა მცირედი პროცენტისა, რომელიც ჯდება იმ ზღვარში, რასაც საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკა ითვალისწინებს და არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია შედეგებზე. ხელით გადათვლა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა ამ პროცესთან მიმართებით იყოს მაღალი გამჭვირვალობა, ღიაობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ სანდოობასაც,“- აღნიშნა კალანდარიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.