მულახის თემის სოფელ ლახირის ეკლესიის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მულახის თემის სოფელ ლახირის იოანე მახარებლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დაასრულა.
ლახირის იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, რომელიც სოფლის განაპირას, ფერდობზე მოჭრილ ტერასაზე, მდებარეობს, ორივე მხრიდან საყრდენი კედლის სამაგრით. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი, სწორკუთხა კვადრებად გათლილი შირიმის ქვით.
ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს საყრდენი კედელი ჩამონგრეული იყო, შესაბამისად, ჩამოშლილმა მიწის მასამ დროთა განმავლობაში გამოიწვია ჩრდილოეთ ნავის გადახურვის ჩანგრევა. გარდა ამისა, დაზიანებული იყო ეკლესიის კარნიზი და გადახურვა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ეკლესიის ეზოს ტერიტორიაზე მოიჭრა მიწა, მოეწყო ჩრდილოეთ საყრდენი კედელი და დრენაჟი, აღდგა ჩრდილოეთ ნავი, გამოიცვალა დაზიანებული კარნიზი და შეიცვალა სახურავი, რაც ეკლესიის ინტერიერს დაიცავს ატმოსფერული ნალექებისგან.
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თაუერს +“-მა შეასრულა.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 302 060 ლარი გამოყო.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.