ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატი და ლოტბარი, ტრისტან სიხარულიძე 87 წლის გახდა  

ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატი და ლოტბარი, ტრისტან სიხარულიძე 87 წლის გახდა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე, ტრისტან სიხარულიძე აქტიურად მოღვაწეობს სამუსიკო ფოლკლორში. იგი 1965-1966 წლებში გახლდათ ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი,
დაარსების დღიდან კი, ლეგენდარული „შვიდკაცას“ განუმეორებელი მეორე ხმა (წყება) და ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლ „კრიმანჭულის“ ლოტბარი.
ასევე, ტრისტან სიხარულიძე ხელმძღვანელობდა ფოლკლორულ გუნდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მან მოიძია და აღადგინა მივიწყებული ძველი გურული ხალხური სიმღერები. იგი ხელმძღვანელობდა იუნესკოს ეგიდით ოზურგეთში დაარსებულ გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელ სკოლას. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად ჩაწერილი აქვს საეტაპო მნიშვნელობის სიმღერები. 2000 წელს, ანზორ ერქომაიშვილთან და გური სიხარულიძესთან ერთად ჩაწერა და გამოსცა მუსიკალური ალბომი „ჩვენ მშვიდობა“, რომელიც 26 გურულ სიმღერას აერთიანებს. ასევე, ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით, გური სიხარულიძესა და ოთარ ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა გურული სიმღერების სასწავლო ალბომი. აღსანიშნავია, ტრისტან სიხარულიძის და ანსამბლ „ბასიანის“ მრავალწლიანი შემოქმედებითი კავშირიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები